წალენჯიხის სოფელ ფახულანში დაღუპული წვევამდელის ოჯახის წევრები ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ

წალენჯიხის სოფელ ფახულანში დაღუპული წვევამდელის ოჯახის წევრები ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მათ არ სჯერათ იმ ვერსიის, რომ ჯარისკაცი თანმხლები პირის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

როგორც ოჯახის ადვოკატმა, როლანდ შონიამ განაცხადა, ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარე გაჩნდა ეჭვები, რომ გამოძიება ვიღაცას ხელს აფარებს. მისივე ინფორმაციით, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გამოძიება ხელს იმ პირს აფარებს, რომლის იარაღიდანაც გასროლა განხორციელდა.

"ოჯახს აქვს პრეტენზია, რომ იარაღის პატრონის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. იარაღი ოფიცერს, უფროსის მოადგილეს ეკუთვნის და არა იმას, ვინც არის ბრალდებული ამ საქმეზე. ბრალდებული თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ადგილზე იმ დროს არც უფროსი და არც მოადგილე არ იმყოფებოდა. არ მესმის, როგორ იყვნენ ასე უმეთვალყურეოდ ეს ბავშვები და იარაღი.

ბრალდებული ამბობს, იარაღი უნებურად გადატენა და არც ის იცის, როგორ მოახდინა გასროლა. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებია. აღნიშნული შემთხვევა 13:30 საათიდან 14: 00 საათის მონაკვეთში მოხდა, ხოლო ჩვენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზუგდიდის საავადმყოფოში 15 წუთში აღმოჩნდნენ. წარმოუდგენელია, ასე სწრაფად როგორ ჩამოვიდნენ ჯვრიდან, ისედაც რთულ გზაზე", - განაცხადა შონიამ.

ადვოკატის ცნობით, საქმეში არსებული საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე მათ მთავარ პროკურატურას ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს, რათა გამოძიება სხვა კუთხით დაიწყოს.

"უფრო მძიმე დანაშაულია ჩადენილი და ეჭვი გვაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე საქმეში ჩანს", - განაცხადა ადვოკატმა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის 26 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში განთავსებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მოსამსახურემ დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს - ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეს ბ. რ. - ს.

მომხდართან დაკავშირებით 2017 წლის 28 ოქტომბერს ბრალდებულ დ.ჯ- ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოკითხულია ათობით მოწმე, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

წინასასამართლო პროცესი 2018 წლის 18 იანვარს არის ჩანიშნული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს