რომან გოცირიძე უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნაზე - როგორც ჩანს, კიდევ ერთი ”მომხმარებელი” გაუჩნდება ჩვენს გასაცოდავებულ ბიუჯეტს

როგორც ჩანს, გაბუტულთა თუ დისტანცირებულთა ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომელსაც ფრაქცია ერქმევა სახელად და რომელთა სახით კიდევ ერთი”მომხმარებელი” გაუჩნდება ჩვენს გასაცოდავებულ ბიუჯეტს, - ასე აფასებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ”ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, პარლამენტში კიდევ ორ ფრაქციას შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში ფრაქციები ტექნიკურ-ბიუროკრატიული პოლიტიკური წარმონაქმნია და ამას ხელს უწყობს პარლამენტის რეგლამენტი.

”ჩვენთან ფრაქცია არის ხელოვნური წარმონაქმნი, საპარლამენტო ბიუროკრატია, რომელიც საკმაოდ ძვირი შესანახია. ”ქართულ ოცნებაში” ახალი ფრაქცია შეიძლება შეიქმნას მხოლოდ გაბუტულობის ნიშნით. ეს ის ”ოცნება” არაა, როცა მასში შედიოდნენ პოლიტიკურად ძლიერი ფიგურები და პოლიტიკური გამოცდილების მქონე პარტიები: ”რესპუბლიკელები”, ”ეროვნული ფორუმი”, ”თავისუფალი დემოკრატები”. მაშინ მოხდა შეუთავსებლობა და რეალურ პოლიტიკურ საფუძველზე გაყრა. ამ საპარლამენტო ”ოცნებაში” არ არსებობს რაიმე საფრთხე პოლიტიკური ”სეპარატიზმის”. უმრავლესობა არის ერთი დიდი ჭრელი სია, საბოლოო ჯამში ივანიშვილთან შეთანხმებული, მაგრამ არა მხოლოდ მის მიერ ფორმირებული. დღემდე ბევრმა არც კი იცის, თუ როგორ მოხვდა, ვის მიერ მოხვდა, რატომ მოხვდა. არ არსებობს ამ პარლამენტში პოლიტიკური ქვეტექსტების მატარებელი ფრაქციის შექმნის რესურსი და არც წინა პარლამენტში მომხდარი სცენარის გამეორების საფრთხე არსებობს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, ფრაქციები შეიძლება შეიქმნას შეუთავსებლობის, წყენის, დამცირების (მაგალითად, რაც ახლა მოხდა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით), პარტიული დისციპლინის არქონის, პარტიული თანაცხოვრობის გამოცდილების დეფიციტის (ბევრი ახალბედაა) ან ფინანსური ინტერესების გამო.

”მიუხედავად ამისა, ეს ფრაქციები ერთ ორბიტაზე იტრიალებენ. ჰელიოცენტრისტული სისტემაა. შუაში მზე(ის მზე) და გარშემო პლანეტები და კომეტები. ზოგი კომეტა შეიძლება მოწყდეს და დაიწვას, ზოგიც გადმოაგდონ და დაწვან, მაგრამ სხვა ორბიტაზე გადანაცვლების საფრთხე არ არსებობს. ესაა ამ მოწვევის პარლამენტის განსხვავება აქამდე საქართველოში არსებული ყველა პარლამენტისაგან. განწირული არიან მძიმე თანაცხოვრებისათვის.

რაც შეეხება ორი ახალი ფრაქციის შექმნას, უფრო მაჟორიტარულ-ქალაქურ კაპრიზებს ჰგავს. მოკლედ, როგორც ჩანს, გაბუტულთა თუ დისტანცირებულთა ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომელსაც ფრაქცია ერქმევა სახელად და რომელთა სახით კიდევ ერთი ”მომხმარებელი” გაუჩნდება ჩვენს გასაცოდავებულ ბიუჯეტს”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა