ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2017

რამდენ ხანს გაუძლებს მოსკოვი დასავლურ სანქციებს

გამართლებულია თუ არა ახალშეცვლილ კონსტიტუციაში დაგეგმილ ახალ ცვლილებებში კიდევ ახალი ცვლილებების შეტანა?

***

რამდენ ხანს გაუძლებს მოსკოვი დასავლურ სანქციებს

"რუსეთში მოსახლეობის დაახლოებით 70% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მათი ნახევარი კი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი მომდევნო წელს კიდევ უფრო მძიმე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვმა უკვე დაამარცხა საინვესტიციო შოკი, რომელიც ნავთობის ფასების კლებითა და დასავლური სანქციებით იყო გამოწვეული და ქვეყნის ეკონომიკა "აშკარად იზრდება". ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთში ეკონომიკის კრიზისია, თუმცა პუტინმა მოახერხა ის, რომ ამ კრიზისის გამო მოსახლეობა არა პირადად მის, არამედ აშშ-ის წინააღმდეგ განეწყო და ეკონომიკური სიდუხჭირეც სათავისოდ, საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად გამოეყენებინა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით რამდენ ხანს გაუძლებს მოსკოვი დასავლურ სანქციებს / რუსების 2/3 უკვე ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია

"რუსულ მედიაში "საზოგადოებრივი აზრის ფონდის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა, სადაც რუსების უმრავლესობა - 67% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, 21% ამბობს, რომ კრიზისი არ არის, ხოლო 12%-ს ამ კითხვაზე ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვს. გარდა ამისა, რუსების 30%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მომავალ წელსაც ისეთ დონეზე იქნება, როგორც 2017 წელს, 15% ფიქრობს, რომ კრიზისი იქნება უფრო ძლიერი, ხოლო 9%, პირიქით, მიიჩნევს, რომ შესუსტდება. გამოკითხვის პარალელურად, რუსულ მედიას ვლადიმირ პუტინის განცხადებაც მოჰყავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეკონომიკა იზრდება და "ეს აშკარაა"- აღნიშნავს გამოცემა.

"პუტინის თქმით, რუსეთში ეკონომიკური ზრდა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ "მათ უკვე გადალახეს ორი ცნობილი საინვესტიციო შოკი". ერთი იყო ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ვარდნა, სწორედ ამ მიმართულებაში ექსპორტი კი ბიუჯეტის ძირითადი შემოსავალია და მეორე იყო საგარეო შეზღუდვები, იგივე სანქციები. როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთის ეკონომიკა ყველაზე მეტად ნავთობის ფასების ვარდნამ დააზარალა, თუმცა ასევე ზიანი მიაყენა სანქციებმაც."საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ფაქტია, რომ ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისი, რაც დაკავშირებული იყო ნავთობის ფასების ვარდნასა და დასავლურ სანქციებთან, რუსეთმა შედარებით ადვილად გადალახა, ვიდრე დასავლეთში მოელოდნენ. დასავლეთში დღესაც ბჭობენ, რა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ კრიზისი ისე მძიმედ არ აისახა, რა მოლოდინიც იყო. ამის სხვადასხვა მიზეზია - ნავთობის ფასმა აწევა დაიწყო, ასევე, რუსეთმა მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირება მოახდინა და ის პროდუქტები, რომლებითაც ევროპასთან ვაჭრობდა, სხვადასხვა ქვეყნიდან მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლა. კაკაჩიას თქმით, იმაზე საუბარი, რამდენად შენარჩუნდება ეს ტემპი და რამდენად მოახერხებს ამას რუსეთი, რთულია. პუტინს გაზაფხულზე არჩევნები ელის და რაც უნდა კრიზისული იყოს მდგომარეობა, ის მაინც იტყვის, რომ ყველაფერი უკან მიოიტოვეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ რეალობა მაინც სულ სხვაა. რუსული ეკონომიკის კარგი ცოდნაა საჭირო, რომ ზუსტად გააანალიზო, რამდენად შეუძლია მას ბოლო პერიოდის შოკის გადატანა," - განაგრძობს გამოცემა.

"კაკაჩიას თქმით, რუსეთში ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია არა ის, რომ მოსახლეობა პუტინს დაპირისპირებოდა და მცირე არეულობა მომხდარიყო, არამედ, პირიქით, პუტინმა და მისმა რეჟიმმა მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილი კიდევ უფრო გააერთიანა იმპერიალისტური იდეებით. ილუზიაა, რომ პუტინი სხვაა და რუსული საზოგადოება სხვანაირია, ასე არ არის. რუსული საზოგადოება საფრთხის, ომის დროს ყოველთვის ირაზმებოდა. პუტინმა მოახერხა, რომ მთელი მოსახლეობა ამას აღიქვამს საფრთხედ, რომელიც მათ უნდა გადალახონ, პრინციპული საკითხების, მაგალითად, ყირიმის საკითხის დათმობა არ შეიძლება და რუსეთი მზად არის, ეკონომიკურ კრიზისს, სანქციებს და სხვა წნეხს გაუძლოს. თუმცა ეს კრიზისი თუ დიდხანს გაგრძელდება, მაშინ არ ვიცით, რა მოხდება,.“ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, შემთხვევითი არ იყო, რომ პუტინმა ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე პირდაპირ დასავლეთისკენ გაიშვირა ხელი და თქვა, რომ რუსეთის რთული ეკონომიკური სიტუაცია სწორედ სანქციების ბრალია და ამით საზოგადოების ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. მისი თქმით, რუსულ ეკონომიკაში რთული ვითარებაა. წინა წლის განმავლობაში გაზისა და ნავთობის ექსპორტით მხოლოდ 120 მლრდ დოლარი მიიღო, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მართალია, ბოლო დროს ენერგომატარებლებზე ფასები მაღლა იწევს, მაგრამ რუსულ ეკონომიკას მაინც ძალიან გაუჭირდება, რადგან ბოლო წლებში მხოლოდ 3-4%-იანი ზრდის ტემპი აქვს, რაც ძალიან დაბალია. მაგრამ ამ ყველაფერს რუსეთის მოსახლეობა იტანს და, დასავლეთის მოლოდინის მიუხედავად, სანქციებმა რაიმე სერიოზული კრიზისი რუსეთში მაინც ვერ შექმნა“, - დასძენს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, იმის გამო, რომ რუსულ ეკონომიკაში მწვავე პრობლემაა და სავალუტო რეზერვებიც ილევა, პუტინმა თანხების ჩადება სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებაში დაიწყო და ეს დააანონსა კიდეც. სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში თანხების ჩადება ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი გარანტია. პუტინმა აირჩია საბჭოთა კავშირის ეკონომიკის განვითარების მოდელი, ანუ ის გზა, რამაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი სუპერსახელმწიფო გახადა. ის ამბობს, რომ რუსეთმა წარმატებული კამპანია ჩაატარა აღმოსავლეთში, ასევე, აშშ-ს, ფაქტობრივად, წაართვა სტრატეგიული პარტნიორები, სათავისოდ განაწყო რა თურქეთი და საუდის არაბეთი და ამ სამხედრო თუ გეოპოლიტიკური წარმატებებით შეძლო, დაებალანსებინა ეკონომიკური კრიზისი. რუსებისთვის იმპერიალისტური ელემენტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონე და მასშტაბები. ამიტომაცაა, რომ, ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, პუტინის რეიტინგი კიდევ უფრო მაღლა იწევს. ამ კრიზისმა, სამწუხაროდ, რუსეთის ამბიციები უფრო გააძლიერა. პუტინმა მოუქნელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები გარე საფრთხეებზე გადაიტანა და დღეს რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად სჯერა, რომ მთავარი მტერი აშშ-ია, ამერიკის ბრალია, რაც ემართებათ და არა, მაგალითად, პუტინის კლანის ბრალი," - წერს სტატიის ავტორი.

გამართლებულია თუ არა ახალშეცვლილ კონსტიტუციაში დაგეგმილ ახალ ცვლილებებში კიდევ ახალი ცვლილებების შეტანა?

"პარლამენტმა 115 ხმით კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი გუშინ მეორე მოსმენით მიიღო. ის, რომ ახალ კონსტიტუციაში ცვლილებები მალე განხორციელდებოდა, პრაქტიკულად, კონსტიტუციის დამტკიცებისას უკვე ცნობილი იყო. ცნობილი იყო ის ახალი ცვლილებებიც, რაც, სავარაუდოდ, ახალდამტკიცებულ კონსტიტუციაში შევიდოდა. თუმცა ხელისუფლებამ ამ ცვლილებებში კიდევ დამატებითი ცვლილებები მეორე მოსმენით განხილვის წინ შეიტანა. გუშინ მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები რიგ საკითხებს მოიცავს, მათ შორის კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება. ახალი ვერსიის თანახმად, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი, საიდანაც ამოიღებენ სიტყვებს: "სახელმწიფო უსაფრთხოება", "დანაშაულის თავიდან აცილება" და "მართლმსაჯულების განხორციელება". გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადა. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს. ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი "ხმოსანი" აღარ იარსებებს და "საარჩევნო კოლეგიის წევრით" ჩანაცვლდება. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას იღებს. როგორც მან განაცხადა, კონსტიტუციის ასეთი ხშირი ცვლილებების პროცესი უცნაური და რეკორდულია თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, გამართლებულია თუ არა ახალშეცვლილ კონსტიტუციაში დაგეგმილ ახალ ცვლილებებში კიდევ ახალი ცვლილებების შეტანა?

"საერთოდ, როგორ ჩანს, ჩვენი კონსტიტუცია და სამართლებრივი ველი დაღვინებული არ არის. ცხადია, ცვლილებების შეტანა ცუდი არ არის, მაგრამ იდეოლოგიურ მიმართულებას და ღერძს უნდა ემსახურებოდეს. პრინციპში, ასეთი ცვლილებები სავსებით დასაშვებია", - აღნიშნავს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"შემიძლია, ზოგადად გითხრათ, კონსტიტუცია არ არის გაყინული ორგანო. თუ ცვლილებები საჭიროა და ცხოვრება მოითხოვს, უნდა იქნეს შეტანილი. კონსტიტუცია თამაშდება, ბევჯერ შეიცვალა და, როგორც ჩანს, კიდევ შეიცვლება", - აცხადებს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი

"კონსტიტუცია არც კანონთა კრებულია და არც რომელიმე პარტიის ან ხელისუფლების სურვილებს მისადაგებული დოკუმენტი. კონსტიტუცია არის სახელმწიფოს მოწყობის უმთავრესი კანონი და რამდენ ახალ გამომცხვარ ხელისუფალს თუ ახალ არჩეულ პარლამენტს მოეხუშტურება, მისი წამდაუწუმი ცვალებადობა ამის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს. ახლა გვეუბნებიან, რომ საქართველო გადადის საპარლამენტო რესპუბლიკაზე და ამიტომ შევიდა მასში ცვლილებებიო. სწორედ ეს ცვლილებები გახდა ზოგიერთი პოლიტიკოსის ვნებათაღელვის მიზეზი. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა ისტორიული კანონზომიერება ან ეპოქის მოთხოვნილება სრულიადაც არ არის. ეს არის კონსტიტუციის საკუთარ მხრებზე მორგების სურვილი, რაც წამოიწყო სააკაშვილმა და დღევანდელი ხელისუფლებაც წარმატებით აგრძელებს. ვფიქრობ, საქართველო ჯერ მზად არ არის, რომ საპარლამენტო ხელისუფლებაზე გადავიდეს. ის უმწიფარი სტრიქონები, რომელსაც ამ კონსტიტუციაში ვხვდები, ხვალ და ზეგ განწირულია ისევ ამოსაღებად და გადასაკეთებლად. პირადად მე საქართველოს არსებობის შენარჩუნება მსურს და ამისთვის ჩვენი ახალი კონსტიტუცია ბევრს ვერაფერს გააკეთებს", - ამბობს მწერალი რეზო მიშველაძე

"ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციაში შევიდა, ძალიან ბევრი აჟიოტაჟი მოჰყვა. ახლა კიდევ ცვლილებების შეტანა ისე, რომ საზოგადოების აზრი გათვალისწინებული არ იქნეს, მგონი, საქმეს დააზიანებს და ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. კონსტიტუციაში ამდენი ცვლილებების შეტანა სწორი არ არის და საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას გააჩენს. არა მარტო ჩვენთან, არამედ გარედანაც ასე იქნება აღქმული", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო