საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, დღეს, საქართველოს ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MyVet.ge-სა და ”თბილისი მოლის” მხარდაჭერით, ძაღლის წლისადმი მიძღვნილი ძაღლების გამოფენა ჩატარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიება „თბილისი მოლში“ მეორე სართულის ატრიუმში გაიმართება.
მიწვეულებს შორის არიან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებყლი ასოციაციის პრეზიდენტი, ვეტერინარი ექიმები და ასტროლოგები.
ძაღლის წლისადმი მიძღვნის გამოფენაზე იქნება: 20-ზე მეტი სახეობის ჯიშის ძაღლი, პერფორმანსები, გასართობი აქტივობები, მოწვეული ანიმატორები დამთვალიერებლებს გაახსენებენ ძაღლებს ცნობილი ფილმებიდან და მულტფილმებიდან. ამავდროულად, ეს დღე შეიძენს საზოგადოებრივი აქციის დატვირთვას, ვინაიდან, ვეტერინარი პროფესიონალები და ასტროლოგები ისაუბრებენ ოჯახში ძაღლის მნიშვნელობაზე, მის დადებით თვისებებზე, მოვლისა და ზრუნვის წესებზე. დამთვალიერებლები მიიღებენ უფასო კონსულტაციებსა და რჩევენს პროფესიონალი ვეტერინარებისგან. ასევე, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები გააცნობენ, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ცხოველების მფლობელებს.
ორგანიზატოების განცხადებით, ეს პროექტი ემსახურება „საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ“. ვეტერინარული ასოციაციის მიზანია, საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა ძაღლის ყოლის, მოვლა-პატრონობის კულტურის თანამედროვე მიდგომებსა და პასუხისმგებლობებზე, რატა ხელი შეუწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში.