საქართველოში ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე იმყოფება

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს დღეს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმრებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლის წინა მოსამზადებელ ეტაპზე აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლობასთან თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო მისიებს არ მოიცავს.

სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენდა, რომელსაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო