პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით 18 დეკემბერს მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს - მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს.

„ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვეს - მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრას წინ დებატები და დისკუსია უძღვოდა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით.

ცვლილებებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის", საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო