საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო

საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში პირველად, პარამედიკოსთა მომზადება ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაიწყო.

სასწავლო კურსის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების შემდეგ, პრაქტიკულ კურსს თვე-ნახევრის განმავლობაში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან.

პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემდგომი ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია.

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პირველი ნაკადის გადამზადება 2018 წელს დასრულდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს