ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული აცხადებს, რომ პროკურორის პირველი მოადგილე „მკვლელობის დამკვეთად ირაკლი ფირცხალავას დასახელებას“ სთხოვდა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გია სოსანაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს გარიგების შეთავაზებაში ადანაშაულებს.

როგორც გია სოსანაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, მამუკა ვასაძე მასთან ციხეში ორჯერ შევიდა და შესთავაზა, რომ თუ კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთად დაასახელებდა, მას მხოლოდ 3- წლიან პატიმრობას შეუფარდებდნენ, ხოლო ოჯახს ფინანსურად უზრუნველყოფდნენ.

„პირდაპირ მითხრა პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ - შენ ვინა ხარ, მე მიშას და ყოფილ მთავარ პროკურორს წავუყენე ბრალი და შენ ვინა ხარ? თუ არ იტყვი, რომ მე მოვკალი ვაზაგაშვილი და ეს დამავალა ირაკლი ფირცხალავამ, შენ მოგცემ სამუდამო პატიმრობას, თუ აღიარებ, დაგეხმარებიო. 2015 წლის 14 თებერვალს მამუკა ვასაძე ისევ შემოვიდა მატროსოვის ციხეში და მაშინდელმა დირექტორმა შოთა ფუტკარაშვილმა გამომიყვანა. ვასაძემ იგივე გამიმეორა - თუ ვაღიარებდი, გამომიშვებდა, როგორც გაუშვა ოლეგ მელნიკოვი, სამაგიეროდ, უზრუნველყოფილი იქნებოდა ჩემი ოჯახი ფინანსურად და სულ რაღაც 3 წელში მეც გამიშვებდნენ“, - განაცხადა გია სოსანაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთად ირაკლი ფირცხალავას დასახელებას ასევე სთხოვდა ვაზაგაშვილის და - მანანა ვაზაგაშვილი, რომელიც მასთან მატროსოვის ციხეში შევიდა.

„მანანა ვაზაგაშვილმა მითხრა, აღიარე დანაშაული და როგორც სპეცრაზმელები გავაშვებინე, ისე გავაშვებინებ შენს თავსო“, - განაცხადა გია სოსანაშვილმა.

ამასთან, „რუსთავი2“- თან საუბარში კომენტარი გააკეთა მანანა ვაზაგაშვილმა. იგი გია სოსანაშვილთან ციხეში შესვლას და რაიმე სახის შეთავაზებას უარყოფს.

„სოსანაშვილი იყო მკვლელი და მიუსაჯა სასამართლომ სასჯელი, მე რატომ უნდა შევსულიყავი ციხეში? ეს არის მორიგი ტყუილი“, - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს საკუთარი ვაჟის საფლავზე ააფეთქეს. მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს