სახალხო დამცველმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის მიმართ ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის მიმართ ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.

”სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეს ჰიპერაქტივობის გამო ხშირად უწევდა სკოლებისა და კლასების გამოცვლა. ეს ფაქტი ართულებდა, როგორც განათლების მიღებას, ასევე საზოგადოებასთან შეგუების პროცესს. ვინაიდან ბავშვთან მუდმივად არ მუშაობდა სპეციალისტი, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მან ჯერ სხვა მოსწავლე დააზიანა, შემდეგ თვითდაზიანება სცადა. ბავშვს არც მომხდარის შემდეგ ჰყავდა სპეციალური მასწავლებელი, რაც აჩვენებს, რომ არ ხდება ბავშვის სპეციალური საჭიროების გათვალისწინება და მას ხელოვნურად ათანაბრებდნენ სხვა მოსწავლეებთან”, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა არ არის სახელმწიფოს ან სკოლის კეთილი ნება, იგი განათლების საყოველთაო კონსტიტუციური უფლების არსიდან და სახელმწიფოს შესაბამისი პოზიტიური ვალდებულებიდან ბუნებრივად გამომდინარეობს.

”ამდენად, ინკლუზიური განათლება უნდა მივიჩნიოთ განათლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების იმგვარ ფორმად, რომლის არამართლზომიერი შეზღუდვაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას”, - აცხადებს ომბუდსმენი.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“