პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოში პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საპატრიარქოს მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები.

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, უნივერსიტეტების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მთავარი მოხსენება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პირველი დემოგრაფიული ფორუმის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. დეპუტატმა ანალიზი გააკეთა საქართველოში მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესებსზე, წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები და ხელისუფლების მხრიდან ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებული პროგრამები. ასევე, ისაუბრა ახალ ინიციატივებზე.

”ბოლო 4 წლის მანძილზე მთელი დატვირთვით ვმუშაობდით და შევძელით პოზიტიურად შეგვეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული სურათი, საგრძნობლად გაიზარდა შობადობა 2014-2015 წლებში, შემცირდა აბორტები, სიკვდილიანობა, მაგრამ პრობლემა იმდენად დიდია, რომ უფრო მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს. ჩვენ შევიმუშავეთ მსხვილი პოლიტიკური დოკუმენტი - დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია და ველით მთავრობისგან მის აღსრულებას. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ფართო მასები. პირველი დემოგრაფიული ფორუმიც სწორედ საზოგადოების ჩართულობას და კონსოლიდაციას ისახავს მიზნად, რათა ყველამ ერთად შევძლოთ დღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ, ნომერ პირველი ეროვნული პრობლემის მოგვარება”, - განაცხადა ხუნდაძემ.

შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, ცნობილმა ექიმმა დავით გაგუამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ.

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, მოგვიანებით ტელეხიდით ქართველი ემიგრანტები ჩართო ესპანეთიდან და შვედეთიდან. ბარსელონადან კათოლიკოს-პატრიარქს და ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ არქიმანდრიტი ლუკა და მისი საკვირაო სკოლის პატარა ქართველები. შვედეთიდან კი ლელა კუხიანიძის ანსამბლი „ნერგები“. „ჩვენ დავბრუნდებით“- ამ სიტეყვებით და სპეციალური მუსიკალური ნომრებით დაემშვიდობნენ უცხოეთში მცხოვრები პატარა ქართველები ფორუმის მონაწილეებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პირველი დემოგრაფიული ფორუმის მონაწილეებს და ქართველ ემიგრანტებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის, დალოცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

”ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა ყველა ქართველის პრობლემაა და ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ნაბიჯები, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. მინდა დავლოცო უცხოეთში მცხოვრები ქართველები და ვუსურვო, მალე დაბრუნებოდნენ საკუთარ სამშობლოს. დაგლოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს. შვილთა სიმრავლეს გისურვებთ, ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგვითენოს უფალმა”, - განაცხადა პატრიარქმა.

დემოგრაფიულ ფორუმს მიესალმა და დამსწრე საზოგაოდება დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). მან უნივერსიტეტების და ორგანიზაციების წარმომადგენლებს თხოვა, ახალგაზრდებს ოჯახურ ღირებულებებზე ხშირად ესაუბრონ, რადგან დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოჯახური ღირებულებების დაქვეითებაა.

პირველი დემოგრაფიული ფორუმი 10 დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებას მართავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ეძღვნება. დასკვნითი ღონისძიება საქართველოს პარლამენტში 19 დეკემბერს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო