გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს იერუსალიმის სტატუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას განიხილავს. გავრცელდა რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქის ამჟამინდელი სტატუსის ცვლილება უკანონოდ ცხადდება.
ამგვარად, აღნიშნული დოკუმენტი, შესაძლოა, აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს პასუხი გახდეს.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პალესტინის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ეგვიპტურმა დელეგაციამ შეიტანა. დოკუმენტის თანახმად, „ნებისმიერ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს, რომლებიც წმინდა ქალაქ იერუსალიმის ხასიათის, სტატუსისა და დემოგრაფიული შემადგენლობის ცვლილებას ითვალისწინებს, არ გააჩნია იურიდიული ძალა, არის უკანონო და უნდა გაუქმდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად“.