ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა

პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის გაფორმდება.

ირაკლი კობახიძისა და სტანისლავ კარჩევსკის თქმით, თანამშრომლობის გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ენიჭებათ.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალის თქმით, საქართველოს მიმართ პოლონეთის გამორჩეულ ინტერესსა და მხარდაჭერაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია პოლონეთის პარლამენტში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობისა და გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და პოლონეთს საერთო ღირებულებები და საერთო გმირობა აერთიანებს.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობა პოლიტიკური კავშირების გაღრმავებისთვის კარგ საფუძველს ქმნის.

„გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და გარდა ამისა, გვაკავშირებს ხალხთა შორის ისტორიული ურთიერთობები. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობა. გუშინ გვქონდა საშუალება, ვსტუმრებოდით ვარშავის აჯანყების მუზეუმს და კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა პოლონელი ხალხის გმირობა და საერთო გმირობა, რომელიც აკავშირებს პოლონელებს და ქართველებს სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენი ისტორიული ურთიერთობები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლიტიკური კავშირები პოლონეთსა და საქართველოს შორის და ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების გაღრმავებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონელ ხალხს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება, ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ დონეზე გადაიყვანს.

„მადლიერნი ვართ ჩვენი პოლონელი მეგობრების მიმართ თანადგომისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოლონელი მეგობრები გვერდით ედგნენ ჩვენს ქვეყანას ყველაზე რთულ მომენტებში, ყველაზე მძიმე წუთებში, რასაც ძალიან ვაფასებთ. ძალიან დიდია ჩვენი სურვილი, გავაღრმავოთ ურთიერთობები ქვეყნებს შორის და გავაღრმავოთ ურთიერთობები კონკრეტულად პარლამენტებს შორის. ვფიქრობ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც დღეს მოვაწერთ ხელს, საფუძველს დაუდებს ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გადაყვანას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა აღნიშნა, რომ ქართველ და პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობისადმი მისწრაფება აერთიანებს.

მისივე შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და საპარლამენტო შეთანხმების ხელმოწერა თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დღეს ხელს მოვაწერთ პარლამენტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას. ეს იქნება ახალი იმპულსი თანამშრომლობისთვის. ჩვენი ურთიერთობები-ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო მიმართულებით, შესანიშნავად ვითარდება. შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით იმ სფეროებს, რომელშიც თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალის განვითარება შეგვიძლია. საპარლამენტო შეთანხმებაზე ხელმოწერა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობებს და განავითარებს ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო