სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრების ნაწილი ითხოვს, კომუნიკეში რუსეთი, როგორც ოკუპანტი დაფიქსირდეს

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ნაწილი თბილისში მიმდინარე მე-10 ყოველწლიური სესიის ფარგლებში მისაღებ კომუნიკეში რუსეთის, როგორც ოკუპანტის დაფიქსირებას ითხოვს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, გაუგებარია, რატომ არ არის კომუნიკეში დაფიქსირებული რუსეთის ფაქტორი, მაშინ როდესაც ის სუამ-ის წევრ ყველა სახელმწიფოს კონფლიქტში ფიგურირებს.

“რაც არის დავაფიქსიროთ და ვინც არის ოკუპანტი, ვთქვათ“, - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის ინიციატივას უკრაინის დელეგაციის სახელით მხარი დაუჭირა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იაროსლავ მარკევიჩმა. მან კომუნიკეს სამუშაო ვერსიაში ცვლილებების შეტანის მიზნით მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ გიორგი მოსიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში არ დააკონკრეტა, თუ ვინ იყო წინააღმდეგი კომუნიკეში რუსეთის ოკუპანტ სახელმწიფოდ მოხსენიების და აღნიშნა, რომ დოკუმენტის მომზადებისას გამართული მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია დახურულია, თუმცა არ გამორიცხა, სამუშაო ვარიანტში ცვლილებები შევიდეს.

„კომუნიკე, რომელიც შემუშავდა და რომელსაც საღამოს, ალბათ, დავამტკიცებთ, არის მრავალმხრივი, საკმაოდ დიდი ხნის მუშაობის შედეგი. საბოლოოდ, მოხდა ისეთ კომუნიკეზე შეჯერება, რომელიც მისაღები იყო ყველა მხარისთვის. ვფიქრობ, ჩვენ პრინციპში, შეგვიძლია ამას ყველაფერს გადავხედოთ. ახლა შევიკრიბებით, ვისაუბრებთ და საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება. ცვლილებები შესაძლოა შევიდეს, შესაძლოა არ შევიდეს, ზუსტად ვერ გეტყვით“, - განაცხადა გიორგი მოსიძემ.

თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია იმართება, რომელიც ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება.

კომუნიკეს ამ დროისთვის არსებულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ ასამბლეის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს რეგიონული და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების როლს რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხში იმ ფონზე, როდესაც იზრდება საერთაშორისო დაძაბულობა, რაც გამოიხატება საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევაში.

„საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა შეშფოთება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო. საპარლამენტო ასამბლეამ კვლავ დააფიქსირა თავისი თავისი მტკიცე პოზიცია, რომ სუამ-ის სივრცეში კონფლიქტების დარეგულირება უნდა მოხდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ამ ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით. საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პრინციპული პოზიცია, რომ სახელმწიფოს ტერიტორია არ შეიძლება გახდეს მიტაცების, სამხედრო ოკუპაციის ან ანექსიის ობიექტი“, - ნათქვამია კომუნიკეში.

დოკუმენტის თანახმად, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, გადაუწყვეტელი კონფლიქტების დარეგულირების საკითხი მხარდაჭერის თხოვნით და ხაზს უსვამს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და სხვა რეგიონულ საპარლამენტო ორგანიზაციებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო