ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ჯანაშია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ლევან ჯანაშია ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ლევან ჯანაშიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, არჩევნების პირველი ტურის წარმართვის პროცესი მისთვის მიუღებელია, რის გამოც არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იყოს ცნობილი. ამასთან, ლევან ჯანაშიას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში უახლოეს მომავალში გაასაჩივრებს.

„ბუნებრივია, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებ. ჩვენ არ ვეთანხმებით პირველი ტურის წარმართვის პროცესს და არჩევნების შედეგი ბათილად უნდა იყოს ცნობილი. ამის გასაჩივრებას სასამართლოში ვაპირებთ. შესაბამისად, მეორე ტურში მონაწილეობაზე არავითარი საუბარიც არ გვაქვს“, - განცხადა ლევან ჯანაშიამ.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა პირველი ტურის არჩევნებში ასეთია: ასათიანი დავითი -1128 ხმა, ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ებრალიძე დავითი - 31 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა;