ირაკლი ფირცხალავა - ირაკლი მამალაძე არის აგენტი, რომელიც პირადი კეთილდღეობისთვის მუშაობდა

ირაკლი მამალაძე არის აგენტი, ის არ წარმოადგენს უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ადამიანს, ის მუშაობდა პირადი კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ განაცახადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფირცხალავას ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ეხება. ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამს.

"მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი, ის არ წარმოადგენს უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ადამიანს. ის მუშაობდა პირადი კეთილდღეობისთვის. მე ჩვენების მიცემაზე უარი არ მითქვამს. მაშინ ვშიმშილობდი, როცა შემოვიდნენ პროკურორი და გამომძიებელი ჩემს დასაკითხად მოსამართლესთან ერთად. მე გავხდი ცუდად, რის გამოც ვერ მოხერხდა ჩემი დაკითხვა და ეს მოსამართლემ ოქმშიც დააფიქსირა. ამის შემდეგ დაიწყო წარმოუდგენელი უკანონობები ჩემს წინააღმდეგ. პროკურორმა, მიუხედავად იმისა, მოსამართლემ დააფიქსირა, რომ ჩემი დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია, თქვა, რომ უარს ვამბობ ჩვენების მიცემაზე და წამიყენეს ბრალი. მე 1-ელ აგვისტოს დავიკითხე საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე. პროკურორი დავით გუმბერიძე კი 3 აგვისტოს ერთ-ერთ ოქმში წერს, რომ დავიკითხე დახურულ სხდომაზე, სადაც ვისაუბრე ირაკლი მამალაძის საქმიანობაზე და ა.შ. დახურული სხდომის ოქმი პროკურატურამ სასამართლოდან 20 სექტემბერს გამოითხოვა და საიდან იცოდა 3 აგვისტოს პროკურორმა გუმბერიძემ, რა ჩვენება მივეცი მე დახურულ სხდომაზე?! მე გეტყვით საიდან - ჩემი დაკითხვის შემდეგ პროკურორი წიკლაური, ვექილიანი და ის მესამე, დასხდნენ გუმბერიძესთან ერთად და მოუყვნენ ჩემი ჩვენება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.