ფიქრია ჩიხრაძე - ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას

ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებელის" წარმომადგენლებთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა საინტერესო იყო. "ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას. ჩვენ ამას ფუნდამენტურ საკითხად განვიხილავთ, რადგან ეს ორი ღირებულება, ორივე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ქართული დემოკრატიისათვის.

ურთიერთობისა და თანამშრომლობის პირობებში ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა უფრო ეფექტურად შეიძლებოდა და ბევრი საკითხი ამ დროისთვის არა პრობლემური, არამედ მოგვარებული ყოფილიყო - მაგრამ შესაძლოა, კიდევ არსებობდეს ამის რესურსი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რომ მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს იმ მიმართულებით, რომელიც გარკვეულ რესურსებზე წვდომას უკავშირდება და რაც წარმოშობს კონფლიქტს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დანარჩენ მაუწყებლებს შორის", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, პარლამენტში წინ არის კიდევ მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და ამ ეტაპისათვის ვეტოზე საუბარი ნაადრევია. მისი განცხადებით, პრეზიდენტის მზადაა შეხვდეს მაუწყებლის ბორდის წარმომადგენლებსაც.

საქართველოს პრეზიდენტი კერძო მაუწყებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა მათგან დამატებითი არგუმენტები მოისმინა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო და რომელსაც კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ ვასილ მაღლაფერიძე, ია ანთაძე, თინათინ ბერძენიშვილი, პაატა ქურდაძე, ნოდარ ჭიჭინაძე, ელენე მიხაილოვა, ირაკლი აბსანძე, გიორგი გვიმრაძე, თეო მაზმიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო