საია - საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისთვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება მიუღებელია

საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისთვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება მიუღებელია. ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ეს გაზრდის საჯარო სამსახურის სისტემაში გაუმჭვირვალე და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, ასევე ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკს.

„საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართულ კანონებში (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი) შესატანი ცვლილებების პროექტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით, საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება უქმდება. კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის, როგორც წესი, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განცხადების წარდგენისათვის განისაზღვრება 10 კალენდარული დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე“.

მიგვაჩნია, რომ საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება გაზრდის საჯარო სამსახურის სისტემაში გაუმჭვირვალე და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, ასევე, ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიზნებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილება საჯარო დაწესებულებებს ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების თაობაზე, ასევე, მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მასში მონაწილეობა.

კანონმდებლობის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით პირი შეიძლება დასაქმდეს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. დამხმარე ამოცანები მოიცავს ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან სხვა დამხმარე ფუნქციების განხორციელებას, ხოლო არამუდმივი ამოცანები გულისხმობს საჯარო დაწესებულებისათვის დროის განსაზღვრულ პერიოდში საჭირო ექსპერტული მომსახურების გაწევას. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი შესაძლებელია ასრულებდეს შინაარსობრივი ხასიათის ფუნქციებს, რაც დაკავშირებულია საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებასთან.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-15 მუხლის თანახმად, „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური კოეფიციენტი შესაძლოა შეადგენდეს 4.00-ს. თუ ვივარაუდებთ, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,000 ლარით განისაზღვრება, ხელშეკრულებით დაქირავებული პირის მხოლოდ თანამდებობრივმა სარგომ (პრემიის და დანამატის გარეშე) შესაძლებელია 4,000 ლარი შეადგინოს, რაც საკმაოდ მაღალ თანხას შეადგენს და აღემატება საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების ანაზღაურებას. ამგვარად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებამ კონკურსის გარეშე არ მიიღოს პირი, მით უფრო, მსგავს მაღალანაზღაურებად პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, 2011 წელთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება 102 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც გარკვეულწილად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეთა მიღების პროცედურების გაუმართაობითაც არის განპირობებული.

საჯარო დაწესებულებებში მიღების გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების ფორმირება საჯარო სამსახური რეფორმის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საჯარო სამსახური სამართლიან, გამჭვირვალე და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად ჩამოყალიბება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს საჯარო სამსახურში დასაქმების პროცედურას და ზრდის ნეპოტიზმის რისკს საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების პროცესში.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა საკომიტეტო განხილვებზე ჩვენ მიერ წარდგენილი კრიტიკული შენიშვნები და გააუქმა საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის დადგენილი გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება“, ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს