განათლების საკითხებზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელობით, კომიტეტის სტაჟიორების ორგანიზებით, პარლამენტში განათლების სფეროში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციაზე განიხილეს ოთხი ძირითადი საკითხი: ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი განათლების სხვადასხვა დონეზე, განსაკუთრებით, ზოგადი განათლების ეტაპზე; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა; ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა და ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა კადრი დამატებითი ფინანსური ინვესტიციების გარეშე გაჩნდეს განათლების სისტემაში; მტკიცებულებები ანუ კვლევის შედეგები, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი გახდეს განათლების სისტემის რეფორმის პროცესში.

კონფერენციაში პარლამენტის წევრები, სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო, კვლევითი ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციაში ჩართული იყვნენ უშუალოდ ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სმენის, მხედველობისა და დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემები.

კონფერენციაზე განიხილეს მიღწეული შედეგები და დღეისათვის არსებული გამოწვევები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის, მსოფლიო ბანკის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული კვლევის ანგარიში.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე სხვადასხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ისაუბრა ათასწლეულის მდგრადი განვითარების გეგმებსა და ამოცანებზე განათლების სისტემაში და განსაკუთრებით გამოკვეთა პროფესიული განათლების აქტუალობა თანამედროვე მსოფლიოში.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პირველ რიგში, აუცილებელია სპეციალური პედაგოგების პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, რისთვისაც მისივე თმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოხატა სრული მზაობა.

„ჩვენ 2018 წლიდან სპეც. პედაგოგები უნდა დავუახლოვოთ მასწავლებელთა სტატუსს. შესაბამისად მოხდება მათი პროფესიული განვითარება. ვიმსჯელეთ ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე როგორც საკონსულტაციო, ასეევე, საგანმანათლებლო და დანაშაულის რისკის პრევენციის საკითხებში. ვისაუბრეთ განათლების სისტემაში როგორც ფინანსური, ასევე საკადრო და ტექნიკური დამატებითი რესურსების აუცილებლობის თაობაზე. იყო კონკრეტული რეკომენდაციები საატესტატო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კონფერენციაზე იმსჯელეს საკანონმდებლო ბარიერების მოხსნის შესახებ, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, გააადვილებს სკოლებში უფრო მეტი არაფორმალური განათლების შეტანას.

„მუზეუმების, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ უფრო თავისუფლად შევიდნენ სკოლებში და არაფორმალური განათლების, გაკვეთილების ჩატარების საშუალება მიეცეთ. სკოლის ინფრასტრუქტურა უფრო ღია უნდა იყოს კულტურული, საბიბლიოთეკო, სოციალური თუ საზოგადოებრივი საქმიანობისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კონფერენციაზე ისაუბრეს პედაგოგთა არა მხოლოდ მატერიალური, არამედ პროფესიული მოტივაციის გაზრდის საკითხზე. ყურადღება გამახვილდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების ციკლის შესაძლო შემცირებაზე. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის ინიციატივა, რომელიც უკვე განხილვის პროცესშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.

მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის მოღვაწეობაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში.

„თუკი საქართველომ შეძლო ინკლუზიური განათლების კუთხით ნაბიჯების გადადგმა და აქტიური სწავლების მეთოდიკის დანერგვა, ეს გახლდათ სწორედ UNICEF-ის უდიდესი ტექნიკური დახმარების დამსახურება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა მიმდინარე კონფერენციის ორგანიზებაში კომიტეტზე მიმაგრებული სტაჟიორების მნიშვნელოვან როლს და ჩართულობას, რისთვისაც ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს