მამუკა მდინარაძე - დამატებითი ფრაქციების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი პრემიერ-მინისტრი იყო

დამატებითი ფრაქციების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი პრემიერ-მინისტრი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ”TVპირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ფრაქციების შექმნა შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ ან ე.წ ტენდერების საკითხმა გამოიწვია. მდინარაძის განცხადებით, დამატებითი ფრაქციების შექმნის გადაწყვეტილება გუნდმა დაახლოებით სამი თვის წინ მიიღო. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში მნიშვნელოვან ასახვას არ ჰპოვებს.

”პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება დამატებითი ფრაქციების შექმნა. ის პარტიის ლიდერია და ბუნებრივია ამაზე საუბრები გვქონდა. ვთქვით, რომ საშემოდგომო სესიის დასრულების დროს გავახმაუროთ ეს ამბავი, რომ ვქმნიდით ორ ახალ ფრაქციას. პერსონებთან მიმართებით სამი თვით ადრე ასე ვყალიბდებოდით, რომ ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებდნენ.

ფრაქციას აქვს ორგვარი ხარჯი. ერთი არის აპარატი და მეორე სამივლინებო ხარჯი. ერთიც და მეორეც მიბმულია დეპუტატების რაოდენობაზე. მაგალითად თუ ფაქცია ”ქართულ ოცნებაში” დარჩება 60 ადამიანი და ვთქვთ სხვა ფრაქციაში გადავა 26, 26 კაცის შესატყვისი და შესაბამისი დაფინანსება გადაყვება სხვა ფრაქციას და 26 კაცით ნაკლები შესატყვისი თანხა დარჩება დიდ ფრაქციაში”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.