რომან კაკულია - არგუმენტი, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ჩემთვის მისაღები არ არის

არსად მითქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის მინიჭება დაანგრევს კომერციულ ტელევიზიებს და ამის შემდეგ ისინი ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ. რა თქმა უნდა, ეს იქნება მათთვის დანაკლისი, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ პრინციპი არ არის სწორი, - ამის შესახებ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა. ამით ის გამოეხმურა საკითხს, თუ რატომ არ უჭერს მხარს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.

„მინდა შევახსენო ყველას, რომ წარმოვადგენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ ვეწინააღმდეგებოდეთ ჩვენს მიერ გაცხადებულ ეკონომიკურ კონცეფციას. ეს არის სამართლიანი საინვესტიციო გარემო, სადაც სამართალი არის პირველი და ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც არ ცნობს გამონაკლისს და ორმაგ სტანდარტს. ჩვენ ვამბობთ, რომ იმ გამოწვევების ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობთ, გვაქვს ერთადერთი გამოსავალი, რომ გავხდეთ საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის - შევქმნათ აბსოლუტურად უნიკალური საინვესტიციო გარემო. ამისთვის კი აუცილებელია სამართლიანი, ჯანსაღი და კონკურენტული სივრცე. არსად მითქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის მინიჭება დაანგრევს კომერციულ ტელევიზიებს და ამის შემდეგ ისინი ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ. რა თქმა უნდა, ეს იქნება მათთვის დანაკლისი, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ პრინციპი არ არის სწორი. ჩემს კომიტეტს ვალდებულება აქვს, ჩემი აზრით, რომ ეს თქვას და ორმაგი სტანდარტი არ დაუშვას სამომავლოდ.

პრინციპია აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან თუ დავუშვით ჩვენ დღეს ეს, ხვალ და ზეგ სხვა შემთხვევებიც გვექნება. მე მაქვს ვალდებულება ჩემი კომიტეტის შინაარსიდან გამომდინარე, ამ პოზიციაზე ვიყო. სწორედ, ეს იყო მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ დაუჭირა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი „მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტს“, - განაცხადა კაკულიამ.

მისივე განმარტებით, მას საზოგადოებრივი მაუწყებლის მოტივაციაში ეჭვი არასდროს შეუტანია.

„სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, სხვადასხვა ადამიანებს, შეიძლება ჰქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. შეიძლება ასეთი რამ არსებობდეს, მაგრამ მე არ მაძლევს უფლებას, პოზიცია არ შევინარჩუნო იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს. ყველას მოვუწოდებ, თუ შეიძლება, ამგვარ შეფასებას ნუ გააკეთებენ სიღრმისეული ანალიზის გარეშე. მე არასოდეს შემიტანია ეჭვი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოტივაციებში. ყოველთვის მინდოდა, მათი წარმოდგენილი არგუმენტების შესაბამისობა მომეძებნა იმ ძირითად პრინციპებთან, რომლის დაცვაც მევალება. ამაზე შორს არასოდეს წავსულვარ და მათაც მოვუწოდებ, რომ ამ ჩარჩოში იყვნენ. მე საკუთარი გუნდის წევრებსაც მოვუწოდებ, რომ ეს პროცესი აღიქვან როგორც ჯანსაღი პროცესი, რომელიც აჯანსაღებს მხოლოდ პარლამენტს. პარლამენტი უნდა იყოს მთავარი ფილტრი იმ სწორი გადაწყვეტილებების, რომელიც ქვეყანას გამოადგება მომავალში სასიკეთოდ.

სწორი გადაწყვეტილება ეს ფარდობითი ცნებაა, ამას უმრავლესობა წყვეტს. განსხვავებული მოსაზრება არავითარი ტრაგედია არ არის. მე ვხსნი ჩემი პოზიციის პრინციპებს, სხვამაც ახსნას, შემდეგ უმრავლესობამ გადაწყვიტოს როგორ უნდა ვიაროთ.

ჩემი პოზიციის უკან დგას მხოლოდ და მხოლოდ სურვილი იმისა, რომ მაქსიმალურად სამართლიან გარემოში, მაქსიმალურად დიდი მხარდაჭერით იფუნქციონიროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ყოველთვის ვფიქრობდი პოლიტიკურ ფასზეც. მართლა არ მესმის ჩვენი გუნდისთვის, თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ის პოლიტიკური ფასი, რომელსაც ახლა იხდის ამ ყველაფერში, აბალანსებს თუ არა იმ სარგებელს, რომელიც მან შეიძლება მიიღოს იმ რამდენიმე მილიონით, რომელსაც სარეკლამო ბაზრიდან წაიღებს. მე მაგალითად, მხარს დავუჭერდი იდეას, რომ ნორმა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით წერია, რომ დაფინანსება უნდა ჰქონდეს ქვეყნის შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14 პროცენტისა, შეიცვალოს და ბიუჯეტიდან იყოს მეტი დაფინანსება, მაგრამ არა ამ პრინციპებით და ამ მექანიზმებით“, - განაცხადა კაკულიამ

კაკულიას განმარტებით, საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყანას საკმაო გამოცდილება აქვს. „ვადებს იმიტომ ვადგენთ ხოლმე, რომ ყოველთვის ვითვალისწინებთ დღევანდელ კონტექსტს და იმ ფაქტორს, როდის შეიძლება იყოს საქართველო მზად ამა თუ იმ სფეროში, ამა თუ იმ კანონმდებლობასთან დაახლოებისთვის. ეს ყველა ადამიანმა იცის, ვისაც უმუშავია საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. საერთაშორისო პრაქტიკაში რამეს არსებობა, არ ნიშნავს, რომ ის რელევანტურია ჩვენთვის, ჩვენი რეალობისთვის. ამიტომ, არგუმენტი, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენთვის მთავარია ქართული რეალობა, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა