„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სოფელ შილდაში ქალის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სოფელ შილდაში ქალის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის 18 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კერძო საცხოვრებელი სახლის სადგომში გ.გ-მ იპოვა თავისი ძმის 24 წლის ცოლის, ე.ნ-ს ნახევრადშიშველი ცხედარი, რომელიც ყელზე გამობმული თოკით ჩამოკიდებული იყო სახურავის კოჭზე. ცხედარს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასზე განხორციელდა ძალადობა.

დღემდე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დანაშაულს წინ უსწრებდა ოჯახში ძალადობის ფაქტები. კერძოდ, მათივე ცნობით, 2017 წლის 18 ოქტომბრამდე ოჯახში არსებული კონფლიქტებისა და ძალადობრივი გარემოს შესახებ არაერთხელ იყო ინფორმირებული ყვარლის შინაგან საქმეთა სამმართველო. ოჯახში ხშირი იყო პოლიციის გამოძახება. უფრო მეტიც, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში ე.ნ-ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სოფელ შილდაში განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ნიშნებით. მოპოვებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა ე.ნ-სა და მის დედამთილს შორის. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი იურიდიულ დახმარებას უწევს გარდაცვლილი ქალის დედას, რომელიც ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხა მოწმის სახით.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე ჭიანურდება გარდაცვლილის დედისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, უზრუნველყოფილი არ არის გამოძიების პროცესში გარდაცვლილის ოჯახის ჩართულობა, გარდაცვლილის დედას და მის ადვოკატს არა აქვთ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი თვეა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დღეის მდგომარეობით რაიმე კონკრეტული დანაშაულის ნიშნები ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტიანად; დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭოს გარდაცვლილის დედას და მიეწოდოს მას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა