„საქსტატი“ - იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9563.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9%-ით მეტია

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9563.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “საქსტატიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 2439.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7124.1 მლნ. აშშ დოლარს (8.8 პროცენტით მეტი).

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 4684.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1871.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც საქსტატი აცხადებს, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2565.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 579.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1986.1 მლნ. აშშ დოლარი (0.5 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.8 პროცენტი და იმპორტში 27.9 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 29.4, 26.8 და 30.2 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.0 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში 31.6 პროცენტი).

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვას, საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 3130.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 30.6 პროცენტით მეტი). აქედან, ექსპორტი 1030.6 მლნ. აშშ დოლარი (56.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2100.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (20.8 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.7 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 42.2 პროცენტი და იმპორტში 29.5 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 28.3, 34.3 და 26.5 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში 23.3 პროცენტი).

მათივე ცნობით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1412.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1054.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (834.3 მლნ. აშშ დოლარი).

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 379.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 285.4 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.7 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 197.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.1 პროცენტი შეადგინა.

მათივე ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 617.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 412.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 310.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო