პროკურატურა - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული

პროკურატურის მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ამ მტკიცებულებების საფუძველზე წაეყენათ ბრალი დანაშაულში მონაწილე პირებს და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მტკიცებულებები სრულად გადაეცა დაცვის მხარეს.

„ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის განუხრელი დაცვით. კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულებს წარედგინათ ბრალდება და სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, მტკიცებულებები ასევე კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულად არის გადაცემული დაცვის მხარისათვის“, - აცხადებენ პროკურატურაში.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, მოზარდის მიერ დანაშაულის აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაიწერა, რაც საქმეში ჩაიდო.

ამასთან, სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნდა ბრალდებულის მიერ მომხდარის დეტალებზე საუბრის ამსახველი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე სასამართლოს განჩინება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი აღნიშნული მასალა სასამართლომ საქმეს მტკიცებულად მაინც დაურთო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა