თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

შეთანხმების ფარგლებში, ADB საქართველოს 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

„აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის 10 წელია გრძელდება წარმატებული თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეტროს ელექტრო გაყვანილობის და სავენტილაციო სისტემის გამოცვლა. პროექტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 14 მლნ 200 ათას ევროს, საიდანაც საქართველოს თანამონაწილეობა, დაახლოებით, 2.2 მლნ ევროა. ზოგადად, ჩვენი მთავრობის და თბილისის მერიის ამოცანაა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდეს სატრანსპორტო სფეროში და დღევანდელი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით ADB და საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობენ ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მე-5 ტრანშს, რომლის მიზანია, ქალაქ თბილისის მეტროს რეაბილიტაცია. ესაა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ყოველდღიურად 300 ათასი მგზავრის მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ ახლახან გავხსენით უახლესი მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი“. აზიის განვითარების ბანკი მზადაა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

სამინისტროს განცხადებით, პროექტს 2018-2019 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მერია და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განახორციელებენ.

დღესვე გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა კობახიძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.