ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სევერიან დანგაძის მიმართ მიმდინარე საქმე მისი უკრაინიდან გაძევებას და საქართველოში ექსტრადირების სურვილს უკავშირდება.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, უკრაინაში სასამართლო არ არსებობს და მოსამართლეც, პროკურორიც და სახელმწიფო უსაფრთხოებაც პეტრო პოროშენკოა.
მისივე თქმით, უკრაინა დაიღუპება, თუკი არსებული ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს.
„ეს პროცესი ოლიგარქების შეთქმულებაა - პუტინის, პოროშენკოსა და ივანიშვილის გეგმა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში სასამართლო არ არსებობს. არსებობს, მხოლოდ დანაშაულებრივი ჯგუფი პოროშენკოს მეთაურობით, რომელიც თავადაა მოსამართლეც, პროკურორიც და უსაფრთხოების სამსახურიც. ის ერთპიროვნულად წყვეტს, ვინ დააკავონ და გაასამართლონ. მათ რიგებში არ ჩაეწერა მოსამართლე ცოკოლი, რომელმაც გამათავისუფლა. ამის გამო ეს დანაშაულებრივი ჯგუფი გაბრაზდა და ახლა ამ საქმეში მანიპულაციებითაა დაკავებული. მათი ერთადერთი მიზანი ჩემი ქვეყნიდან და უკრაინული პოლიტიკიდან გაძევებაა. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი პროცესი. ეს არ არის სასამართლო. ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზაციის ფილიალი, რომელიც პოროშენკოს მითითებით მოქმედებს. ეს სისტემა ხალხმა მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობით უნდა ჩამოაშოროს ხელისუფლებას, წინააღდეგ შემთხვევაში ისინი დაღუპავენ უკრაინას“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თარმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ხალხი მასთან ერთად, ან მის გარეშე მშვიდობიანად შეცვლის ხელისუფლებას და აირჩევს ისეთ ხალხს, ვინც ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურება.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მარშზე ვიკრიბებით, ხელისუფლება პროვოკაციებს გვიწყობს. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი ყველაფერზე წავლენ - პროვოკაციებზე, შანტაჟზე. ლუცენკოს დავალებით ისინი აგროვებენ პირადი ხასიათის კომპრომატებს. აი, ასეთი ბანდიტები და მძარცველები მართავენ დღეს უკრაინას და ჩვენ უნდა გავიღვიძოთ. ჩვენ გვჭირდება ამ პროვოკაციებთან ბრძოლის მექანიზმი. ისინი გეგმავენ, ჩემს დეპორტირებას ან ექსტრადირებას საქართველოში. ეს ცალსახაა. სწორედ ამის დასტურია დღევანდელი პროცესი. მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. სააკაშვილთან ერთად, ან მის გარეშე უკრაინელი ხალხი მშვიდობიანად და რიგგარეშე არჩევნების გზით მოაშორებენ ამ დაჯგუფებას ხელისუფლებიდან და აირჩევენ ახალ ხალხს, ვინც არასდროს გაძარცვავს უკრაინას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.