ზურაბ პატარაძე - მიუხედავად 2017 წელს არსებული გამოწვევებისა, რეგიონში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან მიმდინარე წლის შეფასებები მოისმინა.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მიუხედავად 2017 წელს არსებული გამოწვევებისა, რეგიონში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია. ხაზი გაესვა კურორტ გოდერძიზე გაზრდილ ინვესტიციებს, ასევე 5-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტ "გომარდულის" ამოქმედებას, ბათუმის სტადიონის მეგა-პროექტისა და ესტაკადის მშენებლობის დაწყებას, ისტორიული პროექტის - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას, 350-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.

ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხზე, რა მიმართულებითაც სხვადასხვა უწყებები აგრძელებენ მუშაობას. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინგა შამილიშვილის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტის სასწავლო და კულტურულ დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად ეტაპობრივი იმიტირებული განგაში ტარდება.

ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან მოისმინა ანგარიში ციტრუსის სეზონის შესახებ. ავთანდილ მესხიძის შეფასებით, ციტრუსის სეზონის წლევანდელი წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბაზრების დივერსიფიკაციამ და ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდამ. ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება, ამ ეტაპზე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი, მიღებული და გადამუშავებულია 4700 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

დღესვე, მთავრობის სხდომაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დამსწრე საზოგადოებას ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლისა და დაზარალებულების დახმარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მერის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის და დეველოპერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდება თუ რა ტიპის კორპუსი აშენდება, გახდება თუ არა საჭირო თანადაფინანსება. ზურაბ პატარაძე აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. ლაშა კომახიძემ ისაუბრა ასევე ქალაქის საახალწლო განათების და ღონისძიებების შესახებ.

მთავრობის სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო 3 საკითხი. მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ანგარიში წარადგინა. პროექტებისათვის სულ გამოყოფილია 15 725 198 ლარი, საიდანაც ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის და ქობულეთის წყალარინების პროექტის განსახორციელებლად გამოიყო 524 612 ლარი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძზე, ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გასაცემი კომპენსაციის შესახებ მოახსენა სხდომის წევრებს. კერძოდ, კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკომპენსაციო თანხა 3 139 306 ლარს შეადგენს.

მთავრობის სხდომაზე გამოტანილი საკითხები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოწონებულ იქნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა