საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 16 გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ (სწჯს)16 გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაციის როლის გაცნობა, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე განხორციელებული საქმიანობების წარდგენა და ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.

შეხვედრა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ გახსნა, რომელმაც ეროვნული საზოგადოებისა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებისთვის, რათა დროულად და ხარისხიანად მოხდეს დაზარალებული ადამიანების დახმარება.

„ხშირი საგანგებო სიტუაციები და კატასტროფები, იქნება ეს ბუნებრივი თუ ტექნოგენური, დიდ ზიანს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. აღნიშნულ გარემოებებზე საპასუხოდ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ერთადერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის ნაწილია. ჩვენ აქტიურად ვთანაშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, განათლების სამინისტროსთან და სხვა სტრუქტურებთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. თანამშრომლობის კარგი მაგალითია 18 მუნიციპალიტეტში განხორციელებული ერთობლივი პროექტები, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ“, - განაცხადა ლოლაძემ.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე ესწრებოდა, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, კატასტროფების მართვა ეროვნული საზოგადოების ერთ-ერთი პრორიტეტული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვარი ეხმარება მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზაობასა და რისკების შემცირებაში, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებულებს უზრუნველყოფს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთებით, უწევს მათ პირველ დახმარებასა და ფსიქოსოციალურ პირველ დახმარებას. წითელი ჯვარი ასევე ეხმარება ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებაში კარგად მომზადებული და აღჭურვილი მოხალისეთა გუნდების მეშვეობით.

ღონისძიებაში 16 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: თბილისი, გორი, მარნეული, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, სიღნაღი, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა