ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მხარდაჭერას

ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

მისივე თქმით, ეს გზავნილები არის ძალიან მყარი მხარდაჭერის დადასტურება.

„ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალიან მკაფიო გზავნილებისა და მკაფიო მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც გუშინ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, საქართველოა მოხსენიებული.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია.

„საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი განაგრძობს თავისი მეზობლების დაშინებას მუქარით, როგორიც არის ბირთვული პოტენციალის გაძლიერება და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება“, - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აშშ-ს მთავარ მეტოქეებად მოხსენიებულია რუსეთი და ჩინეთი.