ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ხვალ განახლდება.
პროცესზე დაცვის მხარე საკუთარი შუამდგომლობების დაყენებას ისევ გეგმავს. ადვოკატების ერთ-ერთი შუამდგომლობა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნის მტკიცებულებად დართვას შეეხება.
შუამდგომლობების ეტაპის ამოწურვის შემდეგ კი მხარეები შესავალ სიტყვებზე გადავლენ და სასამართლოს იმ არგუმენტებს გააცნობენ, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი მოამზადეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, სასამართლო პროცესს მსჯავრდებული არ დაესწრება. დეკანოზმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და წინა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.