ომბუდსმენის აპარატი ავტომობილების ე.წ. ტექდათვალიერების საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს

სახალხო დამცველის აპარატი ავტომობილების ე.წ. ტექდათვალიერების საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელმა თათული თოდუამ განაცხადა, ცვლილებებით კვლავ ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექდათვალიერების გადავადება, რასაც სახალხო დამცველის აპარატი ეწინააღმდეგება და უარყოფითად აფასებს.

“სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესებულია ჰაერის დაბინძურების საკითხებით. ჩვენ ამ საკითხებზე სხვადასხვა უწყებებთან გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროსთან. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილების ტექდათვალიერება მჭიდრო კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან და სამ მთავარ დამაბინძურებელ წყაროებს შორის ერთ-ერთია. ჰაერის დაბინძურება კავშირშია საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან. კვლევები ადასტურებს, რომ ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის ბავშვებში. დიდი ხანია, საზოგადოება ტექდათვალიერებას ელის. ჩვენ კარგად გვახსოვს, რამდენჯერ მოხდა თარიღის გადადება. მაგალითად, 2008 წლის 26 დეკემბრის ცვლილებებით, ტექდათვალიერება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 2013 წლის 1-ელ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 2012 წლის 27 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, თარიღი ერთი წლით - 2014 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწია. ამის შემდეგ, 2013 წლის 25 დეკემბერს ისევ შევიდა ცვლილება და თარიღი 2015 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწია. 2015 წლის 19 თებერვალს კი, საბოლოო თარიღად 2017 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს თარიღები კანონიდან საერთოდ ამოდის და მთავრობას გადაეცემა, რომ რეგლამენტის დონეზე დაარეგულიროს. ახლაც ჩნდება კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად საბოლოოა დასახელებული თარიღები. ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი, რომლის გადადება ყოველწლიურად ხდება. ჩვენ გვახსოვს თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ეს იყო საბოლოო თარიღი და თარიღი არ შეიცვლებოდა. ამის შესახებ საუბრობდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს პარლამენტი ისევ ამ საკითხს იხილავს და ისევ გადადებაზე არის საუბარი. ჩვენ ასეთი ტიპის გადაწევას ვეწინააღმდეგებით, რამაც უკვე ტრადიციის სახე მიიღო. სახეზე არ არის ის გარემოებები, რომელიც ამ გადაწევას გაამართლებდა. მთავრობამ ძალიან დიდი ხანია - 2015 წლის 19 თებერვლიდან იცის, რომ ეს ცვლილებები 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ამ დროის განმავლობაში ყველა მოსამზადებელი სამუშაოს მოსწრება შეიძლებოდა“, - განაცხადა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა განმარტა, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, ავტოსატრანპორტო საშუალებები გადანაწილებულია და ორი წლის განმავლობაში, პერიოდული ტექნიკური ინპექტირება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება.

“პირველ რიგში, ეს 3.5 ტონაზე მეტ სატვირთოებს და ასევე, 8-ადგილიან და ზემოთ სამგზავრო დანიშნულების სატრანპორტო საშუალებებს შეეხება. ამ კატეგორიას აქამდეც ეხებოდა, თუმცა გაზრდილი და შეცვლილია კრიტერიუმები და მოთხოვნები. რაც შეეხება მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათი პირველი ნაწილი 2018 წლის 1-ელ ივლისს შემოდის - ეს იქნება იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მანქანები. 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ მანქანების ინპექტირება მოხდება, რომელთა ძრავა არის 3000მ3 და ზემოთ, ხოლო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ეს ყველა ავტოსატრანპორტო საშუალებას შეეხება. საქართველოში არის 900 000 ავტოსატრანპორტო საშუალება და ერთიანად, ერთი წლის განმავლობაში ყველას ინსპექტირება შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა