„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საკითხი განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა წარადგინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია მიმდინარე ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომელიც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან იწყება და რომლის მიზანია არსებული ტერმინოლოგიის დახვეწა, ახალი წესების განსაზღვრის შესაბამისი საფუძვლის შექმნა, ინსპექტირების განმახორციელებელი ტესტირების ცენტრების მიმართ მოთხოვნების დაწესება და შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების გატარება.

მისივე თქმით, კანონში შესატანი ცვლილებების მიზანს წარმოადგენს ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება და საერთაშორისოდ დამკვიდრებული ტერმინების ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრება.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული საკითხების რეგულირებისთვის ქვეყანა ბაზისად იყენებს 2009 წლის დირექტივას.

„საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა ვადა იმისთვის, რომ 2018 წლის 1 სექტემბრამდე ძალაში შესულიყო ახალი დირექტივა თუმცა, რადგან რეფორმა იწყება მომავალი წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული სტანდარტები იქნება დაწესებული როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისთვის ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, განხორციელდა ტერმინთა ცვლილებები. უშუალოდ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 2017 წლის 24-ე რეზოლუციით დაწესდა ტერმინი - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“ და შესაბამისად, აღნიშნულიც საჭიროებს ცვლილების განხორციელებას. გარდა ამისა, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში.

„დღემდე მოქმედი საჯარიმო სანქციებით იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ჯარიმა ფიზიკურ პირთათვის 10 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რომელიც იზრდება და ხდება 50 ლარი, ხოლო, იურიდიული პირებისთვის დაწესებული 100 ლარიანი ჯარიმა იზრდება 200 ლარამდე“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მან სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ტექდათვალიერების სავალდებულო გავლის საბოლოო თარიღს, ჰაერის დაბინძურებას, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთებს უკავშირდებოდა.

მომხსენებლის განმარტებით, პერიოდული ტექნიკური შემოწმება 2 წლის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეეხება. „პირველ რიგში ეს შეეხება 3,5 ტ-ზე მეტ სატვირთოებს, ასევე 8-ზე მეტ ადგილიან სამგზავრო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ეს ის კატეგორიაა, რომლებსაც დათვალიერება ისედაც ეხებოდა თუმცაღა, გაზრდილი და შეცვლილია კრიტერიუმები და მოთხოვნები, როგორც ცენტრების ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. რაც შეეხება მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათი ტექნიკური დათვალიერება მოხდება 2018 წლის 1 ივლისს და ეს შეეხება იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს, ხოლო 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი, მოხდება იმ მანქანების დათვალიერება, რომელთა ძრავი არის 30000 მ3 და ზევით, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან ეს უკვე შეეხება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, წარმოდგენილი რეფორმა არ ეხება მარჯვენასაჭიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და როგორც განმარტა მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი ქვეყანაში, აქციზის გადასახადის გაზრდის გამო შემცირებულია.

„ჩვენ ამ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დავუჭირეთ. სამომავლოდ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ და საზედამხედველო ფუნქცია უნდა გავაძლიეროთ ტექნიკური რეგლამენტების თემაზე“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

კომიტეტმა დღესვე, მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი.

კომიტეტის წევრებმა, მხარი არ დაუჭირეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს.

„როდესაც კომიტეტის სხდომაზე ფიქსირდება აზრი, ეს პოზიცია პლენარულ სხდომაზეც შენარჩუნებული იქნება. მნიშვნელოვან პროცესს ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ დავიწყეთ ჯანსაღი ოპონირება გუნდის შიგნითაც. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ დადებითი პროცესი და არავითარ შემთხვევაში სხვა მოსაზრება არ შეიძლება აქ ითქვას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს