საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა

პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის სახელით ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაცის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტმა პირველ ლედისთან და საქართველოს პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის თანამოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სემეკის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დედაქალაქის მერს უმასპინძლა.

ერთობლივი საახალწლო მიღების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საექსპოზიციო დერეფანი - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" დაათვალიერებინა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი უწოდა 2017 წელს და მომავალ 2018 წელზე ისაუბრა.

"წელს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მთავარი ღირებულებების, ევროპული განვითარების, კეთილდღეობის გაღრმავებისა და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების გზაზე.

წელს შესრულდა 25 წელი, როდესაც საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღიარა. ასევე, წელს მრავალ ქვეყანასთან ერთად საზეიმოდ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი. ამ მნიშვნელოვან წელს საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქართული პასპორტი დღეს ევროპაში ვიზის გარეშე მოქმედებს. ეს არის დიდი ნდობა, ერთი მხრივ, ჩვენი პარტნიორების, მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვანი მიღწევა.

წელს ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს, უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით, წელს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია, მაგრამ მომავალ წელს ჩვენ განსაკუთრებული აღტაცებით ვუყურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ასი წლისთავს.

სწორედ ასი წლის წინ, 1918 წელს, ჩვენმა წინაპრებმა, როგორც კი მათ მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების, შექმნეს პირველი ქართული რესპუბლიკა. რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება, მაგრამ რესპუბლიკა, რომელმაც მაშინ აბსოლუტურად მოწინავე იდეებზე, მოწინავე ფორმით დაიწყო არსებობა.

ჩვენ სპეციალურად გავაკეთეთ აქ, მცირე გალერეა იმ ასი წლის შესაჯამებლად, რომელიც საქართველომ განვლო. თქვენ ნახეთ რა იყო პირველი არჩევანები ჩვენი წინაპრების. როგორც კი მათ მიეცათ შესაძლებლობა, შექმნეს ევროპული სტანდარტის სახელმწიფო, რესპუბლიკური მმართველობა.

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი იმ ათ ქვეყანას შორის, სადაც არჩევნები საყოველთაო ხმის უფლებით და გენდერული თანასწორობის დაცვით ჩატარდა.

ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები ასი წლის წინ, როცა მათ მიეცათ შესაძლებლობა. ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი და მთელი ის მაღალი სტანდარტები, რაც მაშინაც კი, დებატების საგანი იყო ევროპაში: ეს არის სიკვდილით დასჯის გაუქმება, პატიმართა უფლებები და სხვა ადამიანის უფლებები.

იმედია გაეცნობით ამ ფაქტებს იმ მცირე ბროშურებში, რაც მოგაწოდეთ, რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ ჩვენი წინაპრები, როცა მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლობის.

შემდეგ იყო 70-წლიანი ოკუპაცია და ჩვენი გალერეა სწორედ ამას ეძღვნება, რომ თქვენ ნახოთ, ამ 70 წლის განმავლობაში არც ერთ ეტაპზე საქართველო ბოლომდე არ იყო დაპყრობილი, რადგან არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ურთულეს პირობებში, ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სწორედ პიროვნული გმირობის, პიროვნული ნაბიჯების ხარჯზე იცავდნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას.

თქვენ ნახავთ, ასევე, როგორ გვეხმარებოდნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და აქ სწორედ ამ გალერეაში წარმოდგენილია ის ევროპული მისიები ან ის ევროპული დახმარება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას ემსახურებოდნენ.

და სწორედ 25-26 წლის წინ, როდესაც ჩვენ აღვიდგინეთ ჩვენი დაკარგული დამოუკიდებლობა, ასევე ძალიან ნათლად, ყველა ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ აცხადებდა იმ პრიორიტეტს, რომელსაც უკვეთავდა ყოველგვარი კითხვის გარეშე ჩვენი საზოგადოება ჩვენს პოლიტიკოსებს.

ეს პრიორიტეტები იყო: თავისუფლება, ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნა, ევროკავშირში გაერთიანება, როგორც იმ ერთა ოჯახში, რომელიც ყველაზე ადეკვატურია ჩვენი კულტურისა და ჩვენი წარსულისთვის. ბუნებრივია, დღეს ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ძალიან ნათლად ვამბობთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირი და ნატოა, ჩვენ ამ არჩევანისთვის ვიხდით ძალიან პრინციპულ საფასურს: იქნება ეს გაჭირვება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გაიარეს, ის ათასი, ათიათასობით ლტოლვილი და დევნილი, თუ იქნება ეს ჩვენი გმირი ჯარისკაცების სისხლი, რომელიც გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არის გაღებული.

ჩვენ ამ ღირებულებებით ვცხოვრობთ და დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ამ ღირებულებებს ჩვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის განმტკიცებისთვის ემსახურებით და ეხმარებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს ახალი დამოუკიდებლობა 1918 წელს დაიწყო, ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ეს არის ის სვლა, რომელსაც ნებისმიერი ერი ახორციელებს და რომლის ხარისხითაც იზომება ნებისმიერი ცივილიზაცია, სახელმწიფო თუ საზოგადოება.

„ჩვენი მიზანი დამოუკიდებლობის თავისუფლებად ქცევაა. თავისუფლების მისაღწევად ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, კიდევ უფრო მეტად ერთიანი, ინკლუზიური, ჰომოგენური და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება შევქმნათ.

შესაბამისად, პატივცემულო საზოგადოება და პატივცემულო მოქალაქენო, მომავალ წელს მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ას წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მე ვაცხადებ თავისუფლების წლად, იმ წლად, რომელშიც ჩვენ მაქსიმალურად დამოუკიდებლობის შესაძლებლობას ვაქცევთ თავისუფლებად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მიღება მუსიკალურად გააფორმა აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა "შავნაბადა" და დავით მაზანაშვილის ბენდმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს