კახა კალაძე - მეტროთი ბევრი მგზავრი დადის და გვინდა, ვაგონების განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა

ჩვენ გვინდა მეტროს ვაგონების განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა. კახა კალაძემ წინასაარჩევნო დაპირებებსა და მერად არჩევის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა, ასევე, ქალაქის ბიუჯეტის დაკორექტირებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ დამატებითი თანხებით, რომელიც ქალაქის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაირიცხა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროექტი განხორციელდება, მათ შორის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია.

”დავიწყეთ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. იგულისხმება ორბელიანის მოედანი. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ სამუშაოების განხორციელება, რაც 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება.

ბიუჯეტის კორექტირება, რომელიც განხორციელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ვუთხრა, რადგან ამ ტრანსფერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ პროექტების განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდით. ამ თანხით მრავალი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, როგორიც არის ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, გუდიაშვილისა და მეტროს სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე, გვინდა ვაგონების განახლება და მეტროს ახალი ვაგონების შემოყვანა. მეტროთი ბევრი მგზავრი დადის და გვინდა, არსებული ვითარება გავაუმჯობესოთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.