კარლო კაჭარავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 20 დეკემბერს კარლო კაჭარავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – “კარლო კაჭარავა დღეს“, გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მხატვრის, პოეტისა და ხელოვნების კრიტიკოსის კარლო კაჭარავას ნამუშევრების გამოფენა „კარლო კაჭარავა დღეს“ მისი პოეზიის, კრიტიკული წერილების და მხატვრული შემოქმედების რამდენიმე ასპექტის გაერთიანების მცდელობაა.

„ამ გამოფენით ნამუშევრები, რომლებიც ტრადიციულად მისი თანამედროვეების, 80-იანელებისა და 90-იანი წლების დასაწყისის ხელოვანთა შემოქმედების ფონზე განიხილებოდა, სხვა კონტექსტით არის წარმოდგენილი. ის, რაზეც კარლო კაჭარავა თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ წერდა და ხატავდა, საზოგადოებისათვის დღესაც აქტუალურია და ეს პარალელები კარგად ჩანს იმ თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების მაგალითზეც, რომლებიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

მათი ინფორმაციით, ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზი კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატს „გენერალი“ და ამ თემაზე შექმნილ სხვა რომანტიკულ პორტრეტებს ეძღვნება.

„მეორე დარბაზში განთავსებული ნახატები დღეს თბილისში მცხოვრები და მომუშავე სამი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებთან ერთადაა წარმოდგენილი. ამ სამი ხელოვანისა და კარლო კაჭარავას შემოქმედების დიალოგი ორივე მხარისათვის ახალ კონტექსტს ქმნის. კარლო კაჭარავა წერდა და ხატავდა 90-იანი წლების დასაწყისის სოციალურ თემებზე, დახურულ ფაბრიკებსა და ქარხნებზე. ნინო ქვირივიშვილის ვიტრინაში გამოფენილი ნივთების ინსტალაცია მიტოვებულ ქარხნებსა და ფაბრიკებში მომუშავე ხალხისა და მათი ოჯახების ისტორიის მემორიალია. კაჭარავას ნახატების პერსონაჟების ექსპრესიონისტული მკვეთრი ხაზებით დასერილი სახეებისა და სერიოზული გამომეტყველებების ეროტიკულობა ადვილად აღიქმება ლევან ჭელიძის ემოციურად შიშველი პორტრეტების გვერდით, ხოლო მისი ჯვარცმისა და გიორგი ხანიაშვილის “აღდგომის” დაპირისპირება რელიგიური თემის მიღმა ამ ავტორების უკიდურესი სულიერი მარტოობის განცდას დაგვანახებს“, – აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, 2017 წლის გაზაფხულზე კარლო კაჭარავას ნამუშევრები ნიუ-იორკში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას. გამოფენის ერთ-ერთ მიმოხილვაში ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა მის ნახატს კარენ კილიმნიკის პანკური შემოქმედების წინამორბედი უწოდა. ამერიკელმა აუდიტორიამ იქამდე უცნობი კაჭარავა ჟურნალ „არტფორუმის“ საშუალებით სწორედ ამ ფრაზით და ვიზუალური მინიშნებით გაიცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა