მამუკა ბახტაძე - საინვესტიციო პროექტების მართვის ციკლი რეფორმის უმთავრესი მახასიათებელია

საინვესტიციო პროექტების მართვის ციკლი რეფორმის უმთავრესი მახასიათებელია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდო დადებითია და ვალის აღებით დეფიციტის დაფინანსება რეალურად საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ხმარდება.

"სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საინვესტიციო პროექტების მართვის ერთიანი ციკლის დანერგვა. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო კვლევა და ანალიზი, რომლის მიხედვითაც წინასწარ იქნება განსაზღვრული რა ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს ქვეყანამ კონკრეტული პროექტის დაფინანსების შემდგომ. მხოლოდ, ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ეფექტურობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მომზადდა საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) მარეგულირებელი კანონმდებლობა, რაც ერთი მხრივ, კერძო სექტორს შეთავაზებს ლეგალურ ჩარჩოს სახელმწიფოსთან ერთად ინვესტირებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, რისკების ოპტიმალური გადანაწილების პირობებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს დაცვას შესაძლო ფისკალური რისკებიდან გამომდინარე ვალდებულებებისაგან.

"აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში ფისკალური რისკების შეფასების და ანალიზის სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. გაიზარდა ფისკალური რისკების ანალიზის დაფარვის მასშტაბი. ეს არის საკითხი, რომელშიც ჩვენ ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ეს მიმართულება საჭიროებს შემდგომ სრულყოფას. ფისკალური რისკების დოკუმენტის გამოქვეყნება და ყოველწლიურად გაუმჯობესება მკვეთრად დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ბევრი სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო