პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და მოქალაქე გაამართლა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და მოქალაქე  გაამართლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 19 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მამუკა ქარდავას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

„მამუკა ქარდავამ მთავარ პროკურატურას საჩივრით მომართა, სადაც იგი ითხოვდა მის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას და მისი დარღვეული უფლების აღდგენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 29 სექტემბერს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ მამუკა ქარდავას მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მამუკა ქარდავას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

2005 წლის 27 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაბა ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორი მამუკა ქარდავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისთვის, რისთვისაც მას განესაზღვრა 4 წელი პირობითი მსჯავრი და გათავისუფლდა პოლიციის რიგებიდან.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ერთადერთი მტკიცებულება - თავად მამუკა ქარდავას აღიარებითი ჩვენება, რომელიც მან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცა, რა დროსაც მას იძულებით დააწერინეს თითქოს მან მის ნათესავს, დაბა ჯვარიდან საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიამდე გადააყვანინა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ავტომანქანა, მაშინ როდესაც მსჯავრდებულმა არაფერი იცოდა ავტომანქანის დანაშაულებრივად დაუფლების თაობაზე და მისი ქმედება არ შეიცავდა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნებს.

ამრიგად, როგორც ახალი გამოძიების პროცესში, ასევე ხელახალი სასამართლო განხილვისას მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამუკა ქარდავას მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 50 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 13 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა