ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა

მადრიდში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო სამინისტროდან აცნობეს, ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას.

საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარემ ანა პასტორმა და ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანმა მატილდე აზიანმა.

საკუთარ გამოსვლაში ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მეგობრობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. საქართველოს ელჩი მიესალმა საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს, რომელიც 2017 წელს აღინიშნება. ზურაბ პოლოლიკაშვილმა საკუთარ გამოსვლაში შეაფასა მისი მოღვაწეობა ესპანეთში საქართველოს ელჩის რანგში. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერისთვის.

ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარემ ანა პასტორმა საკუთარ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. როგორც კონგრესის თავმჯდომარემ აღნიშნა ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის. ანა პასტორმა კიდევ ერთხელ მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევა.

ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანმა მატილდე ასიანმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე და ორი ქვეყანის მსგავსებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა საქართველოს,ისევე როგორც ესპანეთს იბერიას უწოდებდნენ. მან კიდევ ერთხელ მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს UNWTO-ს გენერალურ მდივნის პოსტზე არჩევა და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიღებას ესწრებოდნენ მადრიდში ვიზიტით მყოფი მონტენეგროს მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის მინისტრი, პაველ რადულოვიჩი, ესპანეთის ოფიციალური პირები, დეპუტატები და სენატორები, მადრიდში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლები, კულტურის, სპორტისა და პრესის სფეროს წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო