დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტრადიციული სექტორი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. 2012 წლიდან, პრაქტიკულად გაორმაგებულია ის შემოსავლები, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, წელს 11 თვეში ჩვენ 2 მილიარდ 564 მილიონი დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან, თუმცა, წლის ბოლომდე 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით.

„ეს არის სერვისების ნაწილში აბსოლუტური პოზიტივი. საქართველომ 2017 წლის 11 თვეში 6 მილიონ 954 ათას საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა და ჩვენ გავალთ 7 მილიონ 250-300 ათას საერთაშორისო ვიზიტორზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა მიყვება იმ სტრატეგიას, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად არის შემუშავებული ტურიზმის მიმართულებით.

„ამ სტრატეგიის მიხედვით, დაგეგმილი გვაქვს, რომ ავიდეთ 11 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორზე და ამავდროულად, პრინციპულად შევცვალოთ თვითონ სტრუქტურა - გაიზარდოს ქვითრის მოცულობა, რომელსაც ტურისტი დახარჯავს ან გადაიხდის საქართველოში და გაიზარდოს დღეების რაოდენობა, რომელსაც ტურისტი გაატარებს ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ქუმისშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიებები ტარდება. ქვეყანამ 113 პრეს და გაცნობით ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში იმყოფებოდა 638 ჟურნალისტი და 239 ტურ-ოპერატორი. ამის შედეგად, საქართველოზე სტატიები დაიბეჭდა მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ მედიასაშულებებში.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ერთობლივი სტენდით კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღო 24 საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში. საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება ონლაინ მარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.

„ყველამ დავინახეთ თბილისში გიდები, რომლებსაც უჭირავთ დროშები, რომ თავისი ტურისტები არ დაკარგონ. ეს, რა თქმა უნდა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი მნიშვნელოვნად განვითარდება. 60-ზე მეტი განთავსების ახალი ობიექტი შევიდა მწყობრში, რაც არის 3 900-ზე მეტი საწოლი ადგილი. 2018-2019 წლებში კიდევ 200-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი უნდა ამოქმედდეს, რომლებიც ამ წუთებში მშენებლობის პროცესშია .ეს არის 21-ათასზე მეტი საწოლი ადგილი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მთის კურორტების მიმართულებით.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მთის კურორტები გახდეს 4 სეზონიანი, რათა იქ სეზონურობაზე არ იყოს დამოკიდებული ტურისტის ჩასვლა. საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მთის კურორტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ვიზიტორების ზრდაში აისახა. თუკი 2013 - 2014 წლებში ზამთრის სეზონზე საქართველოს მთის კურორტებს 98,039 ვიზიტორი სტუმრობდა, 2016 - 2017 წლებისთვის ამ მაჩვენებელმა 412,711 ვიზიტორს გადააჭარბა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო