დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა ოპონენტებს ვკითხო, თუ მათ პერიოდში ყველაფერი ასე კარგად იყო, როგორ ხდებოდა, რომ სიღარიბის ზღვარი 2010 წელს ქვეყნის 36%-ს ეხებოდა

მინდა ჩვენს ოპონენტებს მივუტრიალდე და ვკითხო, რომ თუ მათ პერიოდში ამ ქვეყანაში ყველაფერი ასე კარგად იყო და ასეთი კარგი ზრდა გვქონდა, როგორ იყო, რომ სიღარიბის ზღვარი 2010 წელს ამ ქვეყნის 36%-ს ეხებოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„ვიდრე ტექნიკურ კითხვებზე გადავალ და მათ ვუპასუხებ, მინდა რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გავაკეთო და აღვნიშნო, რომ ის, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, მე პირდადად მიმაჩნია, რომ არის სამარცხვინო. ჩვენ ადამიანებისგან, რომლებსაც საკუთრების უფლება ჰქონდათ ფეხქვეშგათელილი და რომელიც კერძო ბიზნესს და საერთოდ მეწარმეობას არ მიიჩნევდნენ არაფრად, დღეს იმას ვისმენთ, რომ ჩვენ არ ვუწყობთ ხელს კერძო სექტორს და არ ვახალისებთ მას. მინდა ჩვენს ოპონენტებს მივუტრიალდე და ვკითხო, რომ თუ მათ პერიოდში ამ ქვეყანაში ყველაფერი ასე კარგად იყო და ასეთი კარგი ზრდა გვქონდა, როგორ იყო, რომ სიღარის ზღვარი 2010 წელს ამ ქვეყნის 36%-ს ეხებოდა, 2011 წელს - 32%-ს, 2012 წელს - 28%-ს, ხოლო დღეს ჩვენ სიღარიბის ზღვარი 21%-ზე ჩამოვიყვანეთ. 21% არის ყველა მეხუთე. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანას რაც აქვს, აქვს სიღარიბის ზღვრის დაძლევა. წელს იყო პირველად, როდესაც მსოფლიო ბანკმა თავის მიმოხილვაში განაცხადა, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს პერსპექტივა დავძლიოთ სიღარიბის ზღვარი და გადავიდეთ იმ ქვეყნების სიაში, რომელიც ამ სენს დაძლევს. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია, როდესაც ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ეკონომიკურ პოლიტიკას უყურებენ და აფასებენ, ამბობენ, რომ ქვეყანაში გადადგმული ნაბიჯები სწორია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.