დიმიტრი ქუმსიშვილი - „ბიზნეს სახლი“ მომხმარებელს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით 800-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს შესთავაზებს

„ბიზნეს სახლი“ მომხმარებელს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით 800-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს შესთავაზებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის ახალ მოდელზე - „ბიზნეს სახლის“ პროექტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პროექტი გულისხმობს ბიზნესის მომსახურების ერთიანი ფიზიკური და ელექტრონული სივრცის შექმნა-განვითარებას, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 800-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ, რომელთა მიწოდებას, ამ ეტაპზე, 60-მდე სტრუქტურა უზრუნველყოფს.

„სახელმწიფო ტრანსფორმირდება უფრო მეტად კოორდინირებულ და კლიენტზე ორიენტირებულ ერთიან სტრუქტურად და ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და მომხმარებლის გაზრდილი ინფორმირებულობის შესაძლებლობას. მომხმარებელს საშუალება ექნება, თვალი ადევნოს იმ მომსახურების პროცესის პროგრესს, რომლითაც სარგებლობს. შედეგად, გაუმჯობესდება სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მაღალი ხარისხის სერვისს, მნიშვნელოვნად დაიზოგება როგოც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის დრო“, -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.