ვიდრე თუნდაც ერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, ნაადრევი და უხერხულია ბავშვთა სიღარიბის დაძლევაზე საუბარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დეპუტატები ჯანდაცვის, სოციალურ და შრომის საკითხებზე სამინისტროს ხედვით დაინტერესდნენ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველთა შეფასების სისტემა ოჯახის შემოსავალსა და ხარჯს ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, სრულიად გამოირიცხა სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფლობა, რაც წარსულში დახმარების მოხსნის მიზეზი ხდებოდა.
სერგეენკოს განცხადებით, სისტემა ითვალისწინებს ოჯახში ბავშვის და შშმ პირის არსებობას. შესაბამისად დღეს, სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგია გაცილებით ობიექტური და სოციალურ საჭიროებებზე მორგებულია. მისივე თქმით, ამ ცვლილებამ გახადა შესაძლებელი ბავშვიანი ოჯახების ზოგადი საჭიროებების უფრო მეტად გამოკვეთა.
როგორც სერგეენკო აცხადებს, შედეგად დღეს 43.3%-ით მეტი ბავშვი იღებს დახმარებას, ვიდრე 2 წლის წინ.
„თუმცა, ვიდრე თუნდაც ერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, ნაადრევი და უხერხულია ბავშვთა სიღარიბის დაძლევაზე საუბარი, თუმცა, აქვე გეტყვით, ისევ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაზე დაყრდნობით: ბავშვთა სიღარიბე ბოლო ათწლეულის განმავლობაში 48%-დან 18%-მდე შემცირდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, მინისტრის განცხადებით, ეს მიმართულება რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს.
„პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია. მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდა პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ხელშემწყობია, რამდენადაც პაციენტს არ აქვს სურვილი მივიდეს ექიმთან, რადგან მას შემდგომი ნაბიჯის-მედიკამენტის შეძენის საშუალება არ აქვს. შესაბამისად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი, სწორედ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს კომპონენტი 6 თვის წინ ამოქმედდა და მალე მოგვეცემა საშუალება, გავაკეთოთ შუალედური შეფასება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების დაგვიანებით ჩარიცხვასთან დაკავშირებულ კითხვაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მისივე თქმით, ანგარიშგების წარდგენიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში სამინისტრო ყოველთვის დროულად რიცხავს შესრულებული საქმიანობის ანაზღაურებას.
დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, რა ხედვა აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მხრიდან ხელოვნურად გაზრდილი ხარჯების მართვის თვალსაზრისით, რაზეც დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ითვალისწინებს რისკების დროულ პრევენციას, დეტექციას და რეაგირებას, რაც ჯამში 40 მილიონმდე ლარის საჭიროების გარეშე ხარჯვას აგვაცილებს თავიდან.
კითხვაზე, თუ როგორია სამინისტროს სტრატეგია შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია მულტისექტორული სფეროა, რომელიც მოიცავს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და დამსაქმებლებს.
მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 150 000-ზე მეტი საწარმოა რეგისტრირებული, რომლებიც სხვადასხვა სახის შრომით საქმიანობას ეწევიან. ”მათი მონიტორინგის მხოლოდ შრომის ინსპექტორების ხარჯზე განხორციელება შეუძლებელი და არაეფექტიანია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის ამოქმედება და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რაც იერარქიულად გაანაწილებს შესაბამის როლებს და მოხდება ამ სფეროს დარეგულირება”, -აღნიშნა მინისტრმა.