FIDH-ი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას სასტიკი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებისა და მათი არასათანადო გამოძიების შესახებ მიმართვას უგზავნიან

FIDH-ი და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საქართველოს ხელისუფლებას სასტიკი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებისა და მათი არასათანადო გამოძიების შესახებ ერთობლივ მიმართვას უგზავნიან.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ადამიანის უფლებათა ცენტრიდან" აცნობეს.

მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და მისი წევრი ორგანიზაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრი, ქვეყანაში დაკავების ადგილებში სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების მზარდი რაოდენობის გამო პრობლემებს ხედავენ.

ორგანიზაციების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციას (FIDH) მისმა წევრმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაკავების ადგილებში სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების მზარდი რაოდენობის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისში შესული 35 საქმიდან დღემდე არც ერთზე დასჯილა დამნაშავე და არც ერთ დაზარალებულს არ მიუღია მსხვერპლის სტატუსი. 5 საქმეზე კი გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შესწავლილ სხვა საქმეებში გამოძიება ან არ დაწყებულა ან არაგონივრული ვადით ჭიანურდება. ბოლო მონაცემებით, სავარაუდო სასტიკი მოპყრობის ფაქტები 60-მდე გაიზარდა. ქვემოთ თქვენ იხილავთ ინფორმაციას სასტიკი მოპყრობის ერთ-ერთ ბოლო ფაქტზე, სადაც დაზარალებულია ს.მ. და რომელიც საჭიროებს თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას. მსხვერპლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი სახელი ანონიმურად დავტოვეთ და თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ცენტრი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას.

ჩვენი ორგანიზაციები გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, როდესაც მან ს.მ. საქმეზე განცხადება გააკეთა. გვსურს, შეგახსენოთ, რომ სწორედ ესაა სახალხო დამცველის ოფისის როლი - როგორც ეს აღიარებულია დემოკრატიულ სისტემაში - რეაგირება მოახდინოს ყველა ცუდი ზედამხედველობისა და ნებისმიერი მოქალაქის უფლების დარღვევის ფაქტზე.

აქედან გამომდინარე, გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ვაკე-საბურთალოს პოლიციის # 5 განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა კვირკვაიას მხრიდან ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. 2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კვირკვაია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადაჭარბებაში სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით და დააკისრა 10 000-ლარიანი ჯარიმა.

აღნიშნული განაჩენით დასტურდება პოლიციელების მხრიდან სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდის შესახებ ზემოთ ხსენებული შეშფოთება. ეს საქმე კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პროკურატურა არასწორ კვალიფიკაციას ანიჭებს გადაჭარბებული ძალის გამოყენების ფაქტებს და დამნაშავეები ისჯებიან „ძალაუფლების გადამეტების“ მუხლით, რაც ჩქმალავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს და ბრალეულობას უხსნის მათ. ამას გარდა, ადვოკატები, რომელთა ხელშეუხებლობა კანონით არის დაცული, თავად ხდებიან ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, რაც წარმოაჩენს ამ პრობლემის მასშტაბს სხვა რიგით მოქალაქეებთან მიმართებაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა აბსოლუტურად აკრძალული ქმედებებია, რომლის მიმართაც სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები გააჩნია. ამდენად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მარტო აღკვეთოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფატები, არამედ მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოიძიოს თითოეული ფაქტი.

ჩვენი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, უზრუნველყოს აქამდე ჩადენილი დანაშაულების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება მომავალშიც.

ჩვენი ორგანიზაციები, ასევე, მოგიწოდებთ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს არაადამიანური და ღისების შემლახველ ფაქტებს. აქედან გამომდინარე, მადლობელი ვიქნებით თუ შეძლებთ, შეხვდეთ ჩვენი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ. ეს შეხვედრა საშუალებას მოგვცემს, განვიხილოთ სასტიკი მოპყრობის ყველაზე საგანგაშო ფაქტები იმ საკითხების განსახილველად, რაც აღნიშნულ წერილში არაა წარმოდგენილი“, - აღნიშნულია წერილში, რომელისაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტი დიმიტრის ქრისტოპულოსი და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

წერილს თან ერთვის აღწერა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, მოქალაქე ს.მ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით პოლიციაში აწამეს. ს.მ-ზე პოლიციაში მიყვანისთანავე დაიწყო ზეწოლა, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. კერძოდ, პოლიციელები სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, აიძულებდნენ ხელი მოეწერა მათ მიერვე წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. დაკავებულმა აღიარებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა ადვოკატი, რაც არ დაკმაყოფილდა. მას, ასევე, არ მიეცა დარეკვის უფლება. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნახა ნაცემი და ნაწამები ბრალდებული, რომელსაც ვიზუალურად მკვეთრად ჰქონდა გამოხატული დაზიანების ნიშნები. მითითებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება ჭიანურდება, ს.მ-ს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. ს.მ.-ს ინტერესებს იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი.

„უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება დაეწყო, მან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია სახალხო დამცველის ინსტიტუტი და მას ,,კრიმინალების გამპრავებელი კანტორა“ უწოდა“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა