სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას დეკანოზი გიორგი მამალაძე პროტესტის ნიშნად არ ესწრება

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა გრძელდება, თუმცა ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

“დეკანოზმა წინა პროცესზე პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლო. ეს იყო ერთგვარი უნდობლობის გამოხატვა, იმ მოქმედების მიმართ, რომელიც ეხებოდა სასამართლო სხდომის დახურვას. ყველამ ნახა საქალაქო სასამართლოში პროცესების დახურვის შედეგები და იგივე გაიმეორა სააპელაციო სასამართლომაც, რასაც აპროტესტებს ბრალდებული”, - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დღეს სასამართლო დაცვის მხარის შუამდგომლობებზე იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარე ითხოვს, საქმეს დაერთოს სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს ეხება.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი შუამდგომლობა უკავშირდება “სასამართლოს მეგობრის” ნონა თოდუას დაკითხვას, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე სპეციალური დასკვნა მოამზადა.

გარდა ამისა, ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარსდგება.

როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე შეეცდება დაამტკიცოს, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე ანგარების მოტივით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა.

“მას ჰქონდა სურვილი, შეენარჩუნებინა არსებული მატერიალური კეთილდღეობა და მიეღწია კიდევ უფრო მეტი კარიერული წინსვლისთვის. სწორედ ამიტომ, ის ცდილობდა და ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას”, - განაცხადა გუბელაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოშიც დახურულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა