ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ კონფერენციაში Digital Presidency მონაწილეობა მიიღო, რომელიც ევროკავშირში ესტონეთის თავმჯდომარეობის პატრონაჟით ჩატარდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, საქართველოს ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ელექტრონული მმართველობის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.
როგორც ნატალი საბანაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თანამედროვე ელექტრონული სერვისების დანერგვაში, რის შედეგადაც საქართველო საწყის პოზიციებს იკავებს არაერთ საერთაშორისო რეიტინგში ამ მიმართულებით, მათ შორის არის კიბერ უსაფრთხოების ინდექსი, სადაც საქართველოს ევროპაში, ესტონეთის შემდგომ მეორე ადგილი უკავია. საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც დანერგა ე.წ. „Blockchain Technology” სერვისების სფერო.
სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა მონაცემების დიგიტალიზაციაზე და იმ წარმატებულ სამოქალაქო სერვისებზე, რომელიც მომსახურების ეფექტურობის მხრივ ერთგვარ მოდელად იქცა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მისი თქმით ახლა მთავრობა ამუშავებს მომსახურების, ანალოგიურ ერთი ფანჯრის პრინციპს ბიზნესისთვისაც. საკუთარ გამოსვლაში ნატალი საბანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიის სწრაფი ინტერნეტიზაციის პროცესზე, მათ შორის ისაუბრა მცირე დასახლებების ინტერნეტიზაციაზე და მაგალითად მოიყვანა თუშეთის თემის ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც აღიარებულია, როგორც ამ მიმართულების ერთერთ საუკეთესო პროექტი.
საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული პროექტის „საქართველოს ელექტრონული მმართველობის გაძლიერება“ განხორციელებაში ესტონელი პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, რათა შეამოწმონ და განაახლონ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისობაში მოიყვანონ ევროკავშირის სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირველ ქვეყანას რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის ლეგალურ ნორმებთან ელექტრონული მმართველობის და კიბერ უსაფრთოხების კუთხით.
კონფერენციას ესწრებოდნენ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკომისარი ანდრიუს ანსიპი, სკაიპის დამფუძნებელი რობინ ლუსტიგი და სხვა მაღალი დონის სტუმრები.