გიორგი კვირიკაშვილი უმცირესობის მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლზე - აქ საუბარი არის ზუსტად იმ საქმეების შესახებ, რაც ჩვენ რეალურად გავაკეთეთ

ამ ვიდეორგოლში იყო საუბარი ზუსტადაც იმ საქმეების შესახებ, რაც ჩვენ რეალურად გავაკეთეთ, - ასეთი განმარტება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს ეხებოდა. ვიდეორგოლში ასახული იყო ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები იაფ ფულზე, გადასახადების განახევრებაზე, ოპოთეკარებსა და ა.შ.

”2014 წელს რაც მოხდა უკრაინაში, არ მგონია დედამიწის ზურგზე იყოს რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც ამის გათვლას მოახერხებდა. ჩვენმა რეგიონმა გაიარა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი. ამ ეკონომიკური კრიზისიდან საქართველო გამოვიდა ყველაზე ნაკლებად დაზარალებული სწორი ფისკალური და მონეტარული შიდა ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე. ისიც აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომ გარკვეული მონაცემები, რომელიც მას მიანიჭეს, შესაძლოა, არ იყოს ზუსტი. მე მაინც ვიტყოდი, რომ 2014 წელს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები, იყო ძალიან დიდი ტექტონიკური ფაქტორი ჩვენს რეგიონში, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ყველაზე ნაკლები ზიანით გამოვიდა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არ გაყვა სავალუტო კურსს. ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო ინფლაციის დონე შეენარჩუნებინა ისეთ მასშტაბებში, რომ არ მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი ეფექტი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად უფასო ფულია 1 და 2 პროცენტად გაცემული სესხები.

”რაც შეეხება უფასო ფულს, მე მგონი, იქ ნათლად იყო საუბარი 1-2%-იან სესხებზე. თქვენ თუ არ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ გამოითხოვოთ. აგროკრედიტების ფარგლებში მილიარდზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის პრაქტიკულად 7-წლიანი სესხი, სადაც 1% და 2%-ზე მეტი განაკვეთი არ ფიქსირდება. ეს არის ასევე პროგრამა, რომელიც საგრანტო კომპონენტებსაც შეიცავს. არის თუ არა ეს პრაქტიკულად უფასო ფული?”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება იპოთეკარებს, არაერთ შემთხვევაში საბანკო ასოციაციის მონაწილეობით, აჭარასა და თბილისში მოხდა კონსტრუქციული თანამშრომლობა და სესხების გადანაწილება.

”რაც შეეხება დევნილებისთვის სახლებს, დღეს დაახლოებით 15 000 დევნილია სახლებით დაკმაყოფილებული. აქედან ნაწილი დაკანონებულია, ნაწილი ახალი აშენებული. ამ მიმართულებით, გრძელდება მუშაობა და დიდი იმედი მაქვს თანამშრომლობის. რაც შეეხება იმას, რომ მეოთხე წელი იქნება ძალიან კარგი, რომ არ მომხდარიყო 2014 წელს რეგიონული კატაკლიზმა უკრაინაში, ძალიან რთული კონფლიქტისა და ოკუპაციის სახით, ჩვენ გაცილებით სხვა ათვლის წერტილში ვიქნებოდით დღეს. ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც შესაძლოა არ ცნობდეთ, მაგრამ ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

"ევროპულმა საქართველომ" საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს ბიძინა ივანიშვილის მიერ წლების წინ გაჟღერებული დაპირებების ამსახველი ვიდეო აჩვენა.

ვიდეორგოლში ასახული იყო ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები იაფ ფულზე, გადასახადების განახევრებაზე, ოპოთეკარებსა და ა.შ

"ბატონო გიორგი, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მეოთხე წელი იქნებოდა უკეთესი, ახლა უკვე მეხუთე წელია. თქვენთან მაქვს კითხვა, ეს იყო შეგნებული სიცრუე, არაკომპეტენტურობა, თუ დაპირებები შესრულდა და ჩვენ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ?", - მიმართა კვირიკაშვილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა