გიორგი კვირიკაშვილი – ხშირად ოპოზიციის მხრიდან ხდება სახელმწიფოებრივი ინტერესების შემცველი, მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზაცია

ხშირად ოპოზიციის მხრიდან ხდება სახელმწიფოებრივი ინტერესების შემცველი, მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზაცია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას.

„ერთი შეხედვით უცნაური კითხვით მინდა დავიწყო. გაკვრით თქვენ ამ საკითხს შეეხეთ, მაგრამ მაინც მინდა, რომ მოკლედ გთხოვოთ პასუხი. თქვენ პრემიერ-მინისტრი ბრძანდებით და ბევრი საქმე გაქვთ, ან უნდა გქონდეთ ბევრი საქმე, შეიძლება გაქვთ კიდეც, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩათვალეთ, რომ აქ მობრძანებულიყავით და დრო დაგეხარჯათ ჩვენთან. თქვენ ვიცი, რომ არ გაქვთ იმედი ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის, მართალი ბრძანდებით, მაგრამ მაინც მობრძანდით. რატომ მობრძანდით, რატომ ჩათვალეთ საჭიროდ აქ დრო დაგეხარჯათ?- მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი კვირიკაშვილს.

გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე კითხვა მოესმინა და პასუხი ასე გაეცა, რადგან „ასე დიალოგში გადაიზრდებოდა“.

„არ გაგაწყვეტინებთ, არც აგრესიული რიტირიკა გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, რომ ფორმატი შავბნელი დროის, ან საბჭოთა დროის დროინდელი იყოს - მე გამოვედი 20 წუთი, მერე თქვენ - 1 საათი, მინდა, რომ თქვენი აზრი გავიგო“, - მიმართა ბოკერიამ კვირიკაშვილს.

თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შავბნელ დროზე საუბარი მათგან მიუღებელია, რადგან საქართველომ გაიარა შავბნელი დრო და დღეს არის უკვე სულ სხვა ვითარება.

„არ გვინდა ასეთ რეჟიმში წარმართვა. რატომ მოვედით პარლამენტში - იმიტომ მოვედით, რომ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მოსახლეობას ვამცნოთ ჩვენი გეგმების შესახებ, ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ, დასრულებული პროექტების შესახებ და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ კიდევ ერთი შეკითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობამ ერთი წლის განმავლობაში 6 მინისტრი დაიბარა პარლამენტში, თუმცა არც ერთი მისულა. გიგა ბოკერიამ გიორგი კვირიკაშვილს სთხოვა, რომ შეეფასებინა მინისტრების საქციელი.

კვირიკაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებს არც ერთ მომენტში არ დაუფიქსირებიათ პარლამენტისადმი უპატივცემულობა.

„მინისტრთა კაბინეტის წევრები შეიძლება გამოძახებისთანავე ვერ მობრძანდნენ ხოლმე პარლამენტში და კანონით არ არის განსაზღვრული, რა პერიოდში უნდა მოვიდნენ. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი, რომ თქვენთან კონსტრუქციულ განხილვაში ჩავერთოთ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ხშირად ოპოზიციის მხრიდან ხდება ხოლმე ისეთი მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზაცია, როდესაც სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხება ხოლმე საქმე და ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა ხოლმე. არ დაგიმალავთ, რომ ასეთ დროს შეიძლება შეგნებულად საჯარო განხილვას თავი ავარიდოთ. ეს არის გულახდილი პასუხი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის პასუხზე გიგა ბოკერიამ მას კვლავ კითხვით მიმართა, ცუდად აფასებდა თუ არა მინისტრების აღნიშნულ საქციელს, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მან პასუხი შეკითხვას უკვე გასცა.

ამასთან, გიგა ბოკერიამ კვლავ მიმართა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მას მიეცა პოლიტიკური პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს უფრო ხშირად მივიდოდნენ მინისტრები პარლამენტში.

„საპარლამენტო რესპუბლიკაზე მთლიანად ქვეყნის გადასვლასთან ერთად, თანდათანობით იცვლება ურთიერთობის კომუნიკაციის სიხშირეც და ხარისხიც. ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებაა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი თანდათან ახორციელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თქვენც დაინახავთ კომუნიკაციაში. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ალბათ, უფრო ხშირად ვიქნებით ხოლმე პარლამენტში უმცირესობის ფორმატშიც და უმრავლესობის ფორმატშიც, მაგრამ მე თქვენც მოგიწოდებთ, ძალიან კარგად რომ იცით, რომ ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ხანდახან არ ღირს იმ საკითხის მანიპულირება, იქნებ ცოტა უფრო სახელმწიფოებრივად მიუდგეთ საკითხებს“, - განაცხადა კვირკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო