მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და სტაბილური განვითარების წინაპირობაა

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარების წინაპირობაა.

ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში დიასპორის და კავკასიის საკითხთა, ევროინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე საუბრისას მიმოიხილა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

ჯანელიძის განცხადებით, საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ქვეყანამ ასპირანტის სტატუსი მაქსიმალურად გამოიყენოს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

ევროატლანტიკური მიმართულებით 2017 წლის მნიშვნელოვან შედეგებად მინისტრმა დაასახელა ის მაღალი დონის ვიზიტები და ღონისძიებები, რაც გაიმართა მიმდინარე წელს, ესენია: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სტუმრობა; ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია; ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ოცზე მეტი სხდომა, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე. მისივე განცხადებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, სადაც მიმდინარეობდა ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობა, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და საქართველომ პარტნიორებისგან მიიღო ნატოში გაწევრიანების მკაფიო მხარდაჭერა. მინისტრის თქმით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მიმდინარე მუშაობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კონკრეტულ წინადადებებზე მიდის მოლაპარაკება და განხილვა.

მისი თქმით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე უახლოესი წლების პრიორიტეტად დასახელდა: მომავალი წლის ნატოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით მაქსიმალურად შესაძლო პროგრესის დაფიქსირება; სამიტზე ყველა სათანადო ფორმატში საქართველოს წარმოდგენა შესაბამის დონეზე; შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ნატოსთან ურთიერთმომგებიანი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება; ალიანსთან მაღალი დონის შეხვედრებისა და აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა; ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური სამოქმედო გეგმის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით ალიანსში გაწევრიანების პროცესის შემდგომი წინსვლა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა