პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებისა და უმცირესობის შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა

საპარლამენტო უმცირესობასთან პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების შეხვედრა მწვავე კამათით დასრულდა. შეხვედრის ბოლო ნაწილში კამათი ”ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის საკითხს შეეხებოდა. როგორც ბოკერიამ განაცხადა, ამ უფლების აღდგენის წინააღმდეგ საქართველოს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია.

”უკრაინაში აგრესიის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს შეუჩერა ხმის უფლება. ამ რეზოლუციაში საქართველოს პრობლემაც ნახსენებია. ეს კარგია ჩვენთვის. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ხმა დაუბრუნონ რუსეთს ისე, რომ მას არ შეუსრულებია რეზოლუციის პირობა. ბუნებრივია საქართველოს მიზანია, რომ თუ ვინმე ცდილობს რუსეთს ეს სანქციები მოუხსნას, ჩვენ ამის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ. როგორც გაირკვა, ბოლო განხილვისას კომიტეტზე, საქართველოს პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია. დღეს ვკითხეთ ბატონ ჯანელიძეს, ინსტრუქცია გაქვთ თუ არა მიცემული ელჩისთვის, რომ ყველა დოზით დაუპირისპირდეთ რუსეთისთვის ამ სანქციის მოხსნას, პასუხი მივიღეთ ზოგადი, რომ გაცემულია ინსტრუქცია იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არ გაქვთ ინსტრუქცია და ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა. სანამ გაგვდის, ასე გავაგრძელებთ, ეს არის თქვენი სლოგანი”, - მიმართა ბოკერიამ მთავრობის წევრობის კანდიდატებს, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილს.

ამის პასუხად, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი საერთაშორისო ფორმატი არ ყოფილა, სადაც საქართველო არ იყო სოლიდარული უკრაინისადმი. ”დღესაც ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო მოქმედებს ევროსაბჭოს პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გვქონია კაპიტულანტური პოზიცია ოკუპანტის მიმართ”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამის საპასუხოდ, ბოკერიამ კვირიკაშვილს კითხვით მიმართა, გაბრაზდა თუ არა მის განცხადებაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაეთანხმა.

”მე კი არა მთელი საქართველოა თქვენზე გაბრაზებული. ის, რაც თქვენ საქართველოს წინაშე გაქვთ გაკეთებული, ღმერთმა დაიფაროს ყველა პოლიტიკური ძალა. დანაშაული ვის აქვს ჩადენილი, ასახულია 7%-ში, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგცათ თქვენ”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამის შემდეგ კამათში საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთო. მან ასევე კითხვით მიმართა გიგა ბოკერიას, რატომ არ დააყენა მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში საქართველომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი. ”რატომ არ დააყენა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი? ელჩის დონეზეც კი არ იყო ეს საკითხი დაყენებული”, - მიმართა ჯანელიძემ ბოკერიას.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი ჯანელიძეს ზრდილობისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, კვირიკაშვილმა ბაქრაძეს მიმართა, რომ ზრდილობა მის თანაპარტიელებს მოსთხოვოს.

იხილეთ ვიდეო: ”ხმაური პარლამენტში - შელაპარაკება პრემიერსა და გიგა ბოკერიას შორის”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს