გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციას - იქნებ გქონდეთ საინტერესო რეცეპტები, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი აფხაზეთის ტერიტორიაზე

იქნებ გქონდეთ საინტერესო რეცეპტები, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, - ასე მიმართა საპრლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ, კანდელაკი დაინტერესდა, რამდენი წერილია გაგზავნილი ევროპარლამენტში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. ამის პასუხად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არ ჰქონია არც ერთი შეხვედრა საერთაშორისო ფორმატში, სადაც აღნიშნული საკითხი არ დაუყენებია.

„რას გვთავაზობთ თქვენ, როგორ გადავწყვიტოთ ეს საკითხი? იქნებ გქონდეთ საინტერესო რეცეპტები, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. უპრეცედენტო რამ გავაკეთე სხვათა შორის, როცა პირველად მივმართე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ იქნებ გადაედგათ ნაბიჯი და ეს იქნებოდა შერიგების მიმართულებით გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს და პირიქით, ის ადამიანი გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდანაც კი. ეს არის დესტრუქციული ქმედება. ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმებს ვიყენებთ. ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე მუდმივად ისმება, ასევე საერთაშორისო ფორმატებიდან არ ჩამოსულა ეს საკითხი და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც არაერთხელ მიუმართავთ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისთვისაც და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ სხვა მექანიზმს, რომლითაც შეიძლება გადავწყვიტოთ ეს საკითხი და დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, კანდელაკმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ამ საკითხზე ხელისუფლების მიერ არც ერთი წერილი არაა გაგზავნილი, რის საპასუხოდაც, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წერილების გაგზავნაში სახელგანთქმული თავად გიორგი კანდელაკია.

„ვიცი, რომ ძალიან ბევრ წერილს წერთ ევროპარლამენტში და ამით ძალიან ცნობილი ხართ. ძალიან ბევრი წერილი მიდის მათ შორის მთავრობის დისკრედიტაციის შემცველი“, - დასძინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

ამის პასუხად, დეპუტატმა განაცხადა, რომ ოთხოზორიას თემა,მმართველი გუნდის ევროპელმა პარტნიორებმაც კი ოპოზიციისგან გაიგო.

„ჩვენგან გაიგეს ოთხოზორიას საკითხი, მათ შორის თქვენმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა ევროპარლამენტში. სამაგიეროდ, გეტყვით რამდენ წერილს წერენ თქვენი კოლეგები ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულების გასამართლებლად“, - განაცხადა კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დაწყებულ კამათში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ჩაერთო.

„თქვენ წერთ წერილებს ევროპარლამენტში, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული“, - აღნიშნა ჯანელიძემ, რის გამოც უმცირესობამ, საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას შეადარა.

„ლავროვის სტილში ნუ გამოხვალთ“, - მიმართა ჯანელიძეს უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო