გიორგი კვირიკაშვილი - SGS-სთან ისეთ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელშიც არც ერთი პუნქტი არ არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო

ჩვენ მოვაწერეთ ისეთ ხელშეკრულებას ხელი, რომელშიც არც ერთი პუნქტი არ არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ”ნაციონალურ მოძრაობასთან” შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველო-რუსეთის სავაჭრო დერეფნების მონიტორინგის საკითხზე შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

”რაც შეეხება SGS-თან დადებულ ხელშეკრულებას, ეს ხელშეკრულება მივიღეთ მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებისგან. თუ რატომ არ მოეწერა დღემდე ხელი, ამას მარტივი მიზეზი აქვს - რუსეთის მხრიდან იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენთვის არ იყო მისაღები. დღესაც არის მათი მხრიდან მოთხოვნები, რომ ამ ხელშეკრულების ტექნიკურ დეტალებში გაკეთდეს ისეთი შესწორებები, რომლებიც ჩვენთვის არ იქნება მისაღები. ჩვენ მოვაწერეთ ისეთ ხელშეკრულებას ხელი, რომელშიც არც ერთი პუნქტი არ არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. ხელშეკრულებაში აფხაზეთზე საუბარი საერთოდ არ არის. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ფორსმაჟორული სიტუაცია როდესაც იქნება, თოვლი ან მეწყერი ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნას ეს მექანიზმი ცხინვალის მიმართულებით, ისიც ზედმიწევნით იმ ტექსტისა, რომელიც ამ ხელშეკრულებაში არის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რადგან ის არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ამ კორიდორით ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება ისარგებლოს თურქეთმაც, სომხეთმაც და არაერთმა სხვა ქვეყანამ, რომელიც საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობით სარგებლობს. ხელშეკრულება არის ჯერჯერობით ცალმხრივად ხელმოწერილი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რადგან გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც წამოყენებულია რუსეთის მხრიდან, ჩვენთვის არ არის მისაღები”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბერნში, გუშინ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, გაიმართა მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკების დასასრულს, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.

2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, საჭიროა, რომ ასევე რუსეთის მხარემ ხელი მოაწეროს ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს